„არის რამდენიმე ყველაზე მდიდარი NGO, რომელიც ფინანსდება სხვადასხვა წყაროდან. როდესაც ისინი გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნებით და აჩვენებენ პოლიტიკურ ამბიციას, მით უმეტეს, მათ აქვთ მორალური ვალდებულება, საზოგადოების წინაშე აჩვენონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი ხარჯები და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას არავითარი ინფორმაცია არ აქვს, რაც რისკებს ქმნის. ჩვენი ქვეყანა პატარა სახელმწიფოა და ბუნებრივია, მოწყვლადია სხვადასხვა რისკის მიმართ“, - განაცხადა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, 13 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 პუნქტის შესრულებაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის შესახებ.
„არამარტო პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ გამჭვირვალე ფინანსური თვალსაზრისით, იგივე ეხება NGO-ებსაც, განსაკუთრებით ყველაზე მდიდარ NGO-ებს, რომლებიც არიან პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ ჩართული და რომლებიც გამოხატავენ პირდაპირ საკუთარ პოლიტიკურ პრეფერენციებს. რატომ არის მათი საქმიანობა გაუმჭვირვალე, ესეც, თავისთავად, ბუნებრივია, კითხვებს აჩენს. ასევე, რაც შეეხება ისეთ NGO-ებს, რომლებიც დეზინფორმაციის გამოვლენაზე მუშაობენ, ხშირად ასეთი NGO-ები, ერთ-ერთი არის ასეთი factcheck მაგალითად, თავად ავრცელებს ძალიან ხშირად დეზინფორმაციას, ფაქტობრივ ტყუილებს. მათაც აქვთ პირდაპირი პოლიტიკური ინტერესები. თუ გავყვებით მათ ფესვებს და დამფუძნებლებს, ძალიან მარტივად ამოვიკითხავთ ასეთი NGO-ების უკან კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, რომლებიც პირაპირ არიან დაკავშირებული რადიკალურ ოპოზიციასთან.
ჩვენ დიდი კითხვის ნიშნები არა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არიან ისინი ჩართულნი პოლიტიკურ აქტივობებში, საზოგადოებამ უნდა განავითაროს საკუთარი მსჯელობა ამ ყველაფერზე და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ მათი ხარჯები იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის“, - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დააზუსტა, რომ მმართველი პარტია ამ ეტაპზე არ განიხილავს ინიციატივას, კანონით დაავალდებულონ არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო გახადონ შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის შესახებ ინფორმაცია:
„ამის ვალდებულება კანონით მათ დღეს არა აქვთ, მაგრამ ეს არის ერთგვარი მორალური ვალდებულება, თუ საზოგადოებას ეტყვიან მეტს საკუთარი ხარჯების შესახებ, ეს იქნებოდა ძალიან კარგი და საზოგადოება დამატებით დასკვნებს გამოიტანდა. ამ ეტაპზე არავითარი ასეთი საკითხი არ განიხილება. პერსპექტივაში თუ რამეს განვიხილავთ, პირველი ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას“.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), ასევე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TI) მონაწილეობას ვერ მიიღებენ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში:
„რაც შეეხება ორი NGO-ს გამორიცხვას ამ პროცესიდან, ეს საზოგადოებისთვის მე მგონი ძალიან მარტივად არის გასაგები. ისინი პირდაპირ გამოდიოდნენ პოლიტიკური მოთხოვნებით. ISFED ჯერ „პივიტის“ (პარალელური ხმის დათვლის შედეგები) აყალბებდა და ამით იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში და მერე პირდაპირ დადგა სცენაზე, რუსთაველის გამზირზე და პირდაპირ დააყენა მთავრობის გადადგომის პოლიტიკური მოთხოვნა. ორჯერ იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში და ორჯერვე ჩაუვარდა ეს განზრახვა. მეორე არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ (მშვენიერაძეს და ა.შ. მათ აღარ ვთვლი), რომელიც ასევე იდგა სცენაზე და ჩართული იყო არჩევნებთან დაკავშირებული „პივიტის“ გაყალბების კამპანიაში. მათი ადგილი, ბუნებრივია, ვერ იქნება ვერცერთ სამუშაო პროცესში, რადგანაც ისინი აღარ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, დაპოზიციონირდნენ ბოლომდე, როგორც პოლიტიკური პარტიები. ერთადერთი რაც მათ განასხვავებს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ეს არის სიმდიდრე. ისინი არიან უფრო მდიდრები, ვიდრე სხვები. რეპუტაცია საზოგადოებაში აქვთ ძალიან დაბალი, კომპეტენცია, კვალიფიკაცია აქვთ ძალიან დაბალი. ასეთ პირობებში, არა მგონია, საზოგადოებისთვის რაიმე ფორმით იყოს დასანანი ან ISFED-ის, ან TI-ის არჩართვა სამუშაო პროცესებში. პარტნიორებისთვის ცუდად უნდა გამოჩენილიყო „პივიტის“ გაყალბებაც და მათი სცენაზე დგომაც. როდესაც ასეთ გაყალბებაში გამხელენ, მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა იყო მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში და ერთი წლის თავზე ამ გაყალბებიდან ისინი დადგნენ პირდაპირ სცენაზე პოლიტიკური მოთხოვნებით. ყველაფერი არის ნათელი ISFED-თან დაკავშირებით. მათი ადგილი ვერ იქნება იმ სამუშაო პროცესში, რომელშიც უნდა იყვნენ ჩართულნი არასამთავრობო ორგანიზაციები“ - აღნიშნა კობახიძემ.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებებმა ზეწოლისა და დევნის სახე მიიღო:
„ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით იმ პროცესში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. რა თქმა უნდა, ეს არ არის ევროპული გზა. ევროპაში ასე არ იქცევიან სამოქალაქო ორგანიზაციებთან მიმართებით“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები, მაგრამ არ აწუხებს „ალტინფოსა“ და მისთანების დაფინანსება. „პროდასავლური ღირებულებების ლობირების გამო, ახლა არასამთავრობო სექტორს ჩაუსაფრდა ხელისუფლება, პრორუსული ძალების მიერ მოწყობილ მასობრივ ძალადობაზე კი დუმს. არასამთავრობო სექტორის დაფინანსების წყაროებიც ღიაა და ისიც, რაში იხარჯება ეს ფული, საიტზე კარგად უნდა მოძებნოთ, რამეს თუ ვერ ნახავთ და გაინტერესებთ, არც ესაა დამალული, ღია კარების მტვრევას მოეშვით. ჩვენი ფინანსების ხარჯვის მიზნობრიობას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები ამოწმებენ და თქვენ ნუ დარდობთ, ყველაფერი წესრიგშია. ხალხს ის აინტერესებს, სახელმწიფო ჩინოვნიკები და მათი ნათესავები სახელმწიფო ბიუჯეტს რომ ჭამენ და არა ჩვენი ფინანსები, რომელიც კარგადაა უკვე შემოწმებული“, - ასე გამოეხმაურა ნიკა სიმონიშვილი კობახიძის განცხადებას.
„საქართველოს ამბების“ ფაქტმეტრმა შეამოწმა და დაადგინა, რომ ირაკლი კობახიძის მტკიცება, თითქოს დიდი არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯები გაუმჭვირვალეა და საზოგადოებას ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება, არის ტყუილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ვებგვერდზე ღიად აქვს გამოქვეყნებული ინფორმაცია დაფინანსების, დონორების, პროექტების ვადებისა და საქმიანობის შესახებ. ამ ინფორმაციის თანახმად, ამჟამად ორგანიზაციას 5 პროექტი აქვს: მათგან ყველაზე მსხვილია შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) გრანტი, რომლის ოდენობაც თითქმის 15 მილიონი შვედური კრონია. TI ამ გრანტით საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მეშვეობით კორუფციის შესუსტების პროექტს ახორციელებს 2022-2025 წლებში. 475 ათასი აშშ დოლარი გრანტი აქვს USAID-გან, 2019-2025 წლებში პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგისთვის; 2022-2028 წლებში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობისთვის ევროპის ფონდის გრანტის ოდენობა 204 292 ლარია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული აქვს წლიური ანგარიშები 2004 წლიდან 2021 წლის ჩათვლით. 2021 წლის ანგარიშის თანახმად, ორგანიზაციის შემოსავალი იყო 4 142 968 ლარი; 2020 წელს 5 004 221 ლარი; 2019 წელს 4 126 265 ლარი; 2018 წელს 3 775 214 ლარი; 2017 წელს 4 053 619 ლარი; 2016 წელს 2 476 755 ლარი; 2015 წელს 2 254 047 ლარი; 2014 წელს 1 862 643 ლარი;
ანგარიშები მოიცავს ინფორმაციას საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და აქტივობების, თანამშრომლების, დონორების შესახებ და მათ შორის, ფინანსურ მონაცემებს, რა თანხა დაიხარჯა თანამშრომლებისა და ექსპერტების ანაზღაურებაზე, პროგრამულ აქტივობებზე, მგზავრობაზე, კომუნიკაციაზე და სხვა. ანგარიშს თან ერთვის დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნაც.
რაც შეეხება „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“, ორგანიზაციას ვებგვერდზე წლიური ანგარიშები 2012 წლიდან აქვს გამოქვეყნებული. ანგარიშები მოიცავს ინფორმაციას საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, მიღწეული შედეგების, პროექტებისა და დონორების, სამომავლო გეგმების შესახებ.
2021 წლის ანგარიშის თანახმად, ISFED-ს, 2021-2022 წლებში დეზინფორმაციის მიმართ საზოგადოებრივი მედეგობის გაძლიერებისთვის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, გრანტის სახით, მიღებული აქვს 171 571 ლარი; 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას სოციალური მედიის უსაფრთხოდ გამოყენების წახალისებისთვის, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსგან 284 270 ლარი; 2021-2022 წლებში საქართველოში არჩევნების სანდოობის დასაცავად ამერიკული ფონდისგან „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) 130 752 აშშ დოლარი; ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერებისთვის შავი ზღვის ნდობის ფონდისგან 58 721 აშშ დოლარი; 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის ღია საზოგადოების ფონდისგან 38 794 აშშ დოლარი; 2022-2024 წლებში ანგარიშვალდებულების, სამართლიანობისა და რეფორმების ხელშეწყობისთვის არჩევნებში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისგან (EWMI) 900 000 აშშ დოლარი.
წლიური ფინანსური ანგარიშები ვებგვერდებზე საჯაროდ აქვთ გამოქვეყნებული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას - 2021 წელს საიამ გრანტების, შემოწირულებისა და საწევროს სახით, ჯამში 4 987 278 ლარი მიიღო. საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციაში არაერთჯერად სამუშაოზე დასაქმებული იყო 106 თანამშრომელი, მათ შორის 43 რეგიონებში. მათი შრომის ანაზღაურების საერთო ფონდმა შეადგინა 2 333 896 ლარი. ერთჯერადი ჰონორარი გაიცა 766 პირზე - სულ 693 931 ლარი.
მედიის განვითარების ფონდს - ორგანიზაციის მთლიანმა შემოსავალმა 2021 წელს 544 448 ევრო შეადგინა, საიდანაც საგრანტო შემოსავალი იყო 38 %, ხოლო 62 % - შემოსავალი სხვა კონტრაქტებიდან. მედიის განვითარების ფონდი ფეისბუქის მესამე მხარესთან პარტნიორობის ფაქტების გადამოწმების პროგრამას ახორციელებს.
საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას - 2021 წელს ორგანიზაციის წლიური შემოსავალი 879 390 ლარი იყო. აქედან, 292 796 ლარი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისგან; 266 205 ლარი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსგან; 168 965 ლარი ღია საზოგადოების ფონდისგან; 87 389 ლარი ევროპული დემოკრატიის ფონდისგან და ა.შ.
საქართველოს რეფორმების ასოციაციას (რომელიც ამუშავებს ვებგვერდს factcheck.ge) ვებგვერდზე გამოქვეყნებული აქვს ინფორმაცია მიმდინარე და დასრულებული პროექტების, მიზნების, დონორების, ვადების შესახებ.