„ხალხის ძალას“ „უცხოური აგენტების“ სიაზე კანონპროექტი პარლამენტში შეაქვს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარტია „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებმაც მოძრაობა „ხალხის ძალა“ შექმნეს, პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აინიცირებენ. კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას ეხება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი „უცხოური ძალების“ მიერ ფინანსდება.

„მიგვაჩნია, რომ საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არამხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თანაგუნდელებთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კანონპროექტის მიხედვით, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს უცხოური გავლენის აგენტებად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაარეგისტრირებს. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, ადმინისტრაციული ჯარიმები იქნება გათვალისწინებული. ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ გაათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მტკიცებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში გათვალისწინებულია დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და ძირითადად შედგენილია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.

აშშ-ში 1938 წელს მიღებული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი“ (Foreign Agent Registration Act -FARA), მიზნად ისახავდა მეორე მსოფლიო ომის წინ, აშშ-ში უცხოური პროპაგანდის პრევენციას. მოგვიანებით კანონში ცვლილებები შევიდა და მისი მოქმედების არეალი დავიწროვდა. დღეს FARA ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებს ეხება.

„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი 2012 წლიდან რუსეთშიც არსებობს. 2022 წლისთვის „უცხოური აგენტის“ ცნება იმდენად გაფართოვდა, რომ ის შეიძლება გამოყენებული იქნეს თითქმის ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ. „უცხოურ აგენტებად“ გამოცხადებულებს ეკრძალებათ არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება და მათთვის საინფორმაციო პროდუქტების წარმოება, საჯარო ღონისძიებების ორგანიზება ან მათი ორგანიზატორებისთვის თანხის გადარიცხვა. „უცხოურ აგენტებს“ ასევე ეკრძალებათ საჯარო სამსახურში მუშაობა, სახელმწიფო ორგანოებთან არსებულ საზოგადოებრივ საბჭოებში, საარჩევნო კომისიებში და საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობა და სხვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.