საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
„შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა. უდავოდ, ძლიერ დემოკრატიას მოაქვს კეთილდღეობა და უსაფრთხოება. მაგრამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დემოკრატიას წარმატების იმედი არ აქვს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მათთან თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტების გასაძლიერებლად. საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რომ მიაღწიოს უფრო უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავლის მიზანს - ეს არის ის, რაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ და რასაც ისინი იმსახურებენ“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, სენატორებთან ისაუბრეს დეზინფორმაციაზე, კორუფციის გამოწვევებზე, სასამართლოსა და მედიაგარემოზე. „მათ ძირითადად აინტერესებთ ჩვენი ხედვა, როგორ შეიძლება, შევაჩეროთ დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც აშკარად გვაქვს ქვეყანაში“, - უთხრა გიგაურმა ჟურნალისტებს.
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის ნინო დოლიძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით 12 რეკომენდაციის შესრულება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო.
საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღეს, 20 თებერვალს, მიზანშეწონილად მიიჩნია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყება. კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების დიდი ნაწილისთვის „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
- კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტია ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (არასამთავრობო ორგანიზაცია) და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც დაფუძნებულია ადმინისტრაციული ორგანოს (სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება) ან ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ.
- ასეთ იურიდიულ პირებს დაეკისრებათ ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება, რაც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციის წარდგენას წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა.
- კანონპროექტის თანახმად, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებამოსილება.
- მონიტორინგის დაწყების საფუძველია: იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება; სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას;
- კანონპროექტით სამინისტროს ასევე ენიჭება 10, 20 და 25 ათასი ლარით დაჯარიმების და ორგანიზაციათა იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე. ბიურომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა, ხოლო სავალდებულო კომიტეტებად - საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები.