ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დავუჭერ - ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი მხარდაჭერა არ ექნება მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. ზურაბიშვილის თქმით, ასეთი კანონი საქართველოს რუსეთთან დააახლოებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის, სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიცირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს.

და ეს ხდება იმ დროს, როცა ქვეყანაში ამერიკელი სენატორების დელეგაციაა ჩამოსული! ამ ყველაფერს შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ.

ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს. ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღეს, 20 თებერვალს, მიზანშეწონილად მიიჩნია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყება.

  • კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტია ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (არასამთავრობო ორგანიზაცია) და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც დაფუძნებულია ადმინისტრაციული ორგანოს (სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება) ან ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ.
  • ასეთ იურიდიულ პირებს დაეკისრებათ ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება, რაც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციის წარდგენას წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა.
  • კანონპროექტის თანახმად, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებამოსილება.
  • მონიტორინგის დაწყების საფუძველია: იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება; სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას;
  • კანონპროექტით სამინისტროს ასევე ენიჭება 10, 20 და 25 ათასი ლარით დაჯარიმების და ორგანიზაციათა იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე. ბიურომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა, ხოლო სავალდებულო კომიტეტებად - საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები.

 

ამ თემაზე:

შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა

დაფუძნებულია რუსულ კანონზე და არა ამერიკულზე - ნედ პრაისი აგენტების შესახებ კანონპროექტზე

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.