„ერთპარტიული დიქტატურა“ და „რეპრესიები“ – PACE-ს უმკაცრესი რეზოლუცია საქართველოზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), 83 ხმით 5-ის წინააღმდეგ, საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტით დაგმობილია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლა, დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდი რეპრესიები, რაც ასამბლეის დებატებზე შეფასდა, როგორც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების სრული უფუნქციობის დადასტურება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ასამბლეისთვის აბსოლუტურად მიუღებელია „ქართული ოცნების“ ინიციატივა თითქმის ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ეს პროცესი, ისევე როგორც ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით (მაგალითად, გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებული ე.წ. საბოტაჟის საქმე) დევნა, ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამკვიდრებას ისახავს მიზნად, რაც შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან.

ასამბლეა მკაფიოდ აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და ოპოზიციაზე მიზანმიმართული თავდასხმების, ასევე უკიდურესი პოლარიზაციის გამო,

საქართველოში ამჟამად არ არსებობს ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის პირობები.

დებატებისას არაერთმა დეპუტატმა საქართველოსთან დიალოგის განახლების წინაპირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაასახელა. გამომსვლელთა სიტყვებში ფიგურირებდნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან: ელენე ხოშტარია და ნიკა მელია - ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც შეთითხნილი ბრალდებებით არიან დაკავებულნი. აღინიშნა, რომ მძიმედ ავადმყოფ, ოთხი შვილის დედას, ელენე ხოშტარიას არ მიეწოდება სამედიცინო დახმარება; მზია ამაღლობელი -  დამოუკიდებელი გამოცემა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი; დემონსტრანტები საბა ჯიქია და საბა სხვიტარაძე.

რეზოლუცია ასევე მკაცრად გმობს პოლიციის სისასტიკეს აქციების დარბევისას.

PACE განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს თბილისში საპროტესტო აქციების დასაშლელად აკრძალული ქიმიური აგენტების გამოყენების შესახებ ცნობების გამო და ითხოვს დაუყოვნებლივ, დამოუკიდებელ გამოძიებას.

ევროპის საბჭო ითხოვს საქართველომ დაუყოვნებლივ გააუქმოს მიღებული რეპრესიული კანონები. გასაუქმებელ კანონთა სიაშია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (ე.წ. ფარა) კანონები, ცვლილებები გრანტების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებში და სისხლის სამართლის კოდექსში. PACE ასევე მოითხოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სრულად ჩანაცვლებას ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი კანონმდებლობით.

დოკუმენტში დაგმობილია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ტრანსნაციონალური რეპრესია და საქართველოდან მისი ექსტრადირება აზერბაიჯანში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად.

ამ კონტექსტში რეზოლუცია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს მიმართავს მოწოდებით, სერიოზულად განიხილონ კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგის სასამართლოში) საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელების შეტანის შესაძლებლობა. დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო სამართლებრივი წნეხის გამოყენების მთავარი მიზანია, უზრუნველყოს, რომ საქართველომ სრულად და უპირობოდ შეასრულოს ყველა ის სტანდარტი და ვალდებულება, რომელიც ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარეობს. ამასთან, ასამბლეა ღია სინანულს გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ეს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი მექანიზმები დღემდე არ ყოფილა გამოყენებული.

ყურადღება ექცევა საგანმანათლებლო სისტემაში დაწყებულ რეფორმასაც („ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“), რომელიც, ასამბლეის აზრით, საფრთხეს უქმნის აკადემიურ თავისუფლებას. კორუფციული რისკების თავიდან ასაცილებლად, PACE ითხოვს გამოთავისუფლებული საუნივერსიტეტო ქონების პრივატიზაციის გამჭვირვალე მექანიზმის შექმნას.

ასამბლეაზე გაისმა მოწოდებები ეროვნული მთავრობების მიმართ, რათა დაუწესონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს.

ბრიტანელმა დეპუტატმა, ლეიბორისტმა პერან მუნმა, დიდი ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდა, მიიღოს ზომები ლონდონში დაბანდებული „ბინძური ფულის“ დასასანქცირებლად, რათა თავიდან აიცილონ ქართველი ხალხის ჩაგვრაში თანამონაწილეობა.

„ქართულმა ოცნებამ“, რომლის წევრებსაც PACE-ში საქმიანობა წელიწადზე მეტია შეჩერებული აქვთ,  რეზოლუცია ჯერ კიდევ კენჭისყრამდე, ტექსტის გამოქვეყნებისთანავე დაგმეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.