EU-ის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს რუსეთისგან დაიცავს - ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ქვეყნის დაცულობას და უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„უზრუნველყოფს დაცულობას რუსეთისგან, რომელიც აგრძელებს ოკუპაციას და ჰიბრიდული ომის წარმოებას საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ; რუსეთისგან, რომელიც უსმენს თითოეულ სიგნალს და სწორედ ამიტომ, არავინ უნდა მისცეს თავს უფლება, გაგზავნოს არასწორი სიგნალი და საქართველო რუხ ზონად დატოვოს. 2008, 2014 და 2022 წლების გაკვეთილი არის ის, რომ ყოყმანს თავისი ფასი აქვს და ეს არის მძიმე ფასი.

როდესაც რუსეთი უკრაინაში მარცხის წინაშე დგას, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მივცეთ მას ცდუნება, ეძებოს უფრო სუსტი ადგილები სადმე სხვაგან. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო ევროპაა და ევროპას გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველო ევროპა იყოს.

რაც ვნახეთ გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში, არის რუსეთის მცდელობა, დაიწეროს ქულები, თავისი გავლენის გაძლიერებით შეასუსტოს ევროპის გავლენა - ფრენების განახლებით, სავიზო რეჟიმის მოხსნით, ვაჭრობის გაზრდით და არაერთმნიშვნელოვნი განცხადებებით, რომელთა მიზანია შიდა დაძაბულობის, დაბნეულობის, ესკალაციის შექმნა. ამის უფლება არ უნდა მივცეთ არც საქართველოსთან და არც ევროპასთან მიმართებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, კანდიდატის სტატუსი გაამყარებს რეგიონში საქართველოს, როგორც პროევროპული ძალის, როლს და დაიცავს დემოკრატიას.

„ევროპის საბჭოს 2022 წლის გადაწყვეტილების სულისკვეთება იყო პირობების შექმნა საქართველოში დემოკრატიის გასაუმჯობესებლად და მისი ტრაექტორიის გამოსწორების მიზნით. ეს მისასალმებელი მიზანი არ უნდა იყოს იარაღად გამოყენებული პოპულისტური ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ შექმნან ანტიევროპული ტენდენცია. ვრცელდება ნარატივი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრეს, რადგან ევროპა არ იზიარებს მის ტრადიციულ ღირებულებებს, არ ითვალისწინებს ჩვენს ტრაგიკულ წარსულს, გვექცევა უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებულად. ყველამ ვიცით, რომ ეს ტყუილია. ქართველმა ხალხმა აჩვენა სად დგას, მაგრამ არ უნდა უგულებელვყოთ უფრო ბნელი ძალების შესაძლებლობები, რომლებსაც გარედან ეხმარებიან და კვებავენ, რათა ძირი გამოუთხარონ ამ ერთიანობას. ფაქტობრივად, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოემსახურება ჩვენს დემოკრატიულ მომავალს და დაგვეხმარება შევქმნათ საფუძველი ყველა ამ რეკომენდაციის სრულად და სრულყოფილად განხორციელებისთვის.

ევროპა საქართველოს გვერდით ედგა წარსულში მისი დემოკრატიული ხარვეზების მიუხედავად. სწორედ იმიტომ, რომ ევროპა დარჩა საქართველოსადმი ერთგული, ქართველებმა წარმატებით მოახერხეს დემოკრატიის გზაზე დაბრუნება.

საქართველოს შენარჩუნება ევროპულ გზაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისთვის. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა არის უფრო დიდი სტრატეგიული ხედვის ნაწილი, ახალი ევროპული წესრიგის, რომელიც წარმოიქმნება უკრაინის გამარჯვებიდან, რაშიც მე დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დღეს მსოფლიოს თვალი აეხილა და ხედავს რუსეთის ნამდვილ ბუნებას.

„მსოფლიოს უდიდესმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ გაიგო და მიიღო, რომ მასაც აქვს საზღვრები. ახლა ჩვენ სრულად უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთის აგრესიას კვებავს დათმობა და არა შეუპოვრობა, დაშოშმინების პოლიტიკას არასდროს არსად უმუშავია. ევროკავშირის ან NATO-ს გაფართოება არასდროს წარმოადგენდა საფრთხეს და არ უბიძგებდა რუსეთის თავდასხმისკენ, არამედ ეს არის რუსეთის საკუთარი დაუძლეველი, იმპერიალისტური ბუნება. გადაწყვეტილებების მიღებამდე ყოყმანი და მღელვარება არის ის, რაც აქეზებს რუსეთს, რომელიც დაშინებით ცდილობს გავლენა მოახდინოს შედეგზე“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ისტორიის გაკვეთილია ისიც, რომ საქართველოს უკან დატოვება, რუსეთს მხოლოდ წაახალისებს ომში მარცხის კომპენსაცია ეძებოს.

 

ამ თემაზე:

გვსურს არსებობდეს შესაბამისი პირობები, რათა საქართველოსთვის EU შესაძლებელი გახდეს - მეცოლა

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).