ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს, რათა ხელიდან არ გაუშვას კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიული შესაძლებლობა, თუმცა ამისთვის, სჭირდება დაინახოს ხელშესახები ცვლილებები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
მეცოლამ ეს განცხადება ევროპარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამდე გააკეთა. მან სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ერთგულად უჭერს მხარს ქართული საზოგადოების ევროპულ მოწოდებას.
„ჩვენ გვსურს, რომ არსებობდეს შესაბამისი პირობები, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირი შესაძლებელი გახდეს. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით, მზად ვართ დაგეხმაროთ თქვენს გზაზე, გახდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი.
ჩვენ გვჭირდება ერთად მეტი და უფრო მჭიდრო მუშაობა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, რათა ქართველმა ხალხმა ხელიდან არ გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა. ამისთვის ჩვენ უნდა დავინახოთ ხელშესახები მოძრაობა მთელ რიგ ეტაპებზე დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, მედიის თავისუფლების, ჟურნალისტების დაცვისა და დაკავებულთა ფუნდამენტური უფლებებისა და პიროვნული ღირსების დაცვის მხრივ“, - თქვა რობერტა მეცოლამ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტს შეშფოთება აქვს გამოთქმული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო, შემდეგ კი განაგრძო:
„ევროკავშირი მზადაა დაეხმაროს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, უზრუნველყოს ის ყველა საჭირო დახმარებით ამ ტრანსფორმაციულ მოგზაურობაში. საქართველოს გადასაწყვეტია, გაიაროს ეს გზა და თავად აირჩიოს მომავალი. ქალბატონო პრეზიდენტო, მე მივესალმები იმ სიმტკიცეს, რომლითაც თქვენ ხელმძღვანელობთ თქვენს ქვეყანას. შემდგომშიც გვაქვს თქვენი იმედი, რომ დაეხმარებით პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის შემსუბუქებას საქართველოში. მოდით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა ჩვენი ევროპელი ხალხების უფლებებისა და ჩვენი საზოგადოებების მომავლის დასაცავად“.
დღეს, 31 მაისს, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 13 წლის განმავლობაში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის პარლამენტს მიმართა. ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ გააჩნია.
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა, თუმცა ამის გაკეთებას 2024 წელს გეგმავდა. პროცესი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა და 28 თებერვალს განაცხადი შეავსო. მას ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა წევრებმა - საქართველომ და მოლდოვამაც მიბაძეს. ივნისში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს შემთხვევაში კი მხოლოდ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა. ევროკავშირი მზადაა, საქართველოსაც მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ის 12 რეკომენდაციას/პრიორიტეტს შეასრულებს. გადაწყვეტილებას, რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიის მოსაზრების საფუძველზე, ევროკავშირის საბჭო 2023 წლის ბოლოს მიიღებს, რისთვისაც 27 წევრი ქვეყნის თანხმობა იქნება საჭირო. ამის შემდეგ, დაიწყება სრულუფლებიან წევრობაზე ფორმალური მოლაპარაკებების პროცესი.