ევროკომისიის პრესსპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერი მედიის შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 4 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
„ჩვენც ახლახან ვნახეთ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. ასე რომ, თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება, ეს მიუღებელი იქნება. ჩვენ ველოდებით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰიპერმა.
ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ საგამოძიებო მასალა დღეს, 1-ელ დეკემბერს გამოაქვეყნა. მისი ავტორები აცხადებენ, რომ შეაგროვეს ტკიცებულებები, რომლებიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გამო დაწყებული პროტესტის მონაწილეებიის წინააღმდეგ ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებენ.
ბრომბენზილ ციანიდი, იგივე კამიტი, საფრანგეთის არმიამ პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთის ფრონტზე გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა.
BBC-მ მოახერხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებებათა დეპარტამენტის ინვენტარიზაციის სიის, 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული ასლის, მოპოვება. ჟურნალისტებმა მასში ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - ჩამონათვალში ისინი მითითებული იყვნენ, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.
UN1710 ტრიქლორეთილენია, რომელიც სხვა ქიმიური ნაერთების წყალში გაიხსნას უწყობს ხელს. კრისტოფერ ჰოლსტიგი, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, BBC-სთან ამბობს, რომ ტრიქლორეთილენი ადვილად აღწევს კანში, ფილტვებსა და კუჭნაწლავში, მოქმედებს ნერვულ და კარდიოვასკულურ სისტემაზე, შეუძლია ღვიძლზე ზემოქმედებაც - „რაც უფრო დიდია დოზა, მით უფრო მეტია გართულებების რისკი“.
ჟურნალისტებისთვის UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. მათგან ერთადერთი, რომელიც, როგორც BBC-მ დაადგინა, ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლისთვის, ბრომბენზილ ციანიდია.
„არსებული მონაცემები, დაზარალებულთა და სხვა მოწმეების მიერ მოხსენებული კლინიკური სიმპტომები შეესაბამება ბრომბენზილ ციანიდის ზემოქმედებას“, - განაცხადა კრისტოფერ ჰოლსტიგმა. მან გამორიცხა შესაძლებლობა, რომ სიმპტომები შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო უფრო გავრცელებული სპეციალური საშუალებით, როგორიც ცრემლსადენი გაზია.
„არასდროს მინახავს, კამიტი თანამედროვე საზოგადოებაში გამოეყენებინათ. კამიტი ძლიერი გამაღიზიანებელია და მისი გამაღიზიანებელი ეფექტი დიდხანს გრძელდება“, - განაცხადა ექსპერტმა.
კრისტოფერ ჰოლსტიგმა ივარაუდა, რომ ბრომბენზილ ციანიდი შესაძლოა გამოყენებულიყო, რადგან ის ძლიერ შემაკავებელ საშუალებას წარმოადგენს.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა წამების საკითხებში ალისა ედვარდსმა განაცხადა, რომ BBC-ის გამოძიების შედეგები შემაშფოთებელია. მან და გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გამოეძიებინა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საპროტესტო აციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადამეტებისა და წამების შესახებ ბრალდებები.
ედვარდსი მიიჩნევს, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების მკაცრი რეგულაციის არარსებობა პრობლემაა, რომელიც მოგვარებას საჭიროებს: „ეს მაიძულებს [ეს პრაქტიკა] განვიხილო როგორც ექსპერიმენტული იარაღი. მოსახლეობაზე ექსპერიმენტების ჩატარება კი არ შეიძლება. ეს ადამიანის უფლებების აბსოლუტური დარღვევაა“.
„ქართული ოცნება“ საგამოძიებო მასალას „სიცრუის კორიანტელს“ უწოდებს და BBC-ს „ბინძური დაკვეთების შესრულებაში“ სდებს ბრალს. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, საერთაშორისო სასამართლოებში BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყონ
