EU შეშფოთებას გამოთქვამს „ოცნების“ მორიგ რეპრესიულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი ზურაბიშვილს შეხვდა და ახალ რეპრესიულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები გრანტების შესახებ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო.

„2026 წლის 11 თებერვალს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის შესახებ თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. 12 თებერვალს, ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა გიორგი ზურაბაშვილმა მიიღო.

შეხვედრის მიზანი იყო გრანტების შესახებ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოთქმა.

პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების ამ სახით დამტკიცება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საქართველოში სამოქალაქო სივრცესა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ზომები შეუთავსებელია საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან და ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო.

ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე, რაც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებსა და პრინციპებს“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

დიპლომატიური წარმომადგენლობის თანახმად, შეხვედრაზე საქართველოს მხარემ ევროკავშირის სანქციების საკითხი წამოჭრა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამუშავების გამო ყულევის პორტის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს.

„ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკომისიის მიერ 6 თებერვალს შეთავაზებული სანქციების მე-20 პაკეტს ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვლენათა განვითარებასთან დაკავშირებით კონტაქტი გაგრძელდება“, – ვკითხულობთ გავრცელებულ პრესრელიზში.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 3 თებერვალს, პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გრანტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებში, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში რეპრესიულ ცვლილებებს ითვალისწინებს.

„ქართული ოცნება“ აპირებს, გრანტად მიიჩნიოს ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც შეიძლება მოხმარდეს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განსახორციელებელ საქმიანობას.

მთავრობის წინასწარი თანხმობის მოთხოვნა გავრცელდება საზღვარგარეთ დაფუძნებულ და საქართველოსთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართულ უცხოურ ორგანიზაციებზეც, ასევე უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივ ფილიალებზე. გრანტების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე ვადით.

პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.

194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.