ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა

ეუთომ და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა, ოდირმა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ეუთო/ოდირი იმეორებს შეშფოთებას ამომრჩევლებზე ზეწოლასთან და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნები ჩატარდა ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობის გავლენის, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და ამომრჩეველებზე ზეწოლის შესახებ სერიოზული შეშფოთების ფონზე, რამაც არჩევნების დღის პრაქტიკასთან ერთად, საფრთხე შეუქმნა ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობას, ხმა მიეცა შურისძიების შიშის გარეშე.

„ჩვენს საბოლოო ანგარიშში აღნიშნულმა მრავალმა საკითხმა უარყოფითად იმოქმედა ამ არჩევნების მთლიანობაზე და დაარღვია საზოგადოების ნდობა პროცესის მიმართ. იმ დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, რომლებიც ამჟამად საფრთხეშია საქართველოში, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა უპასუხოს ყველა შეშფოთებას“, - აცხადებს ოუენ მერფი, რომელიც საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბოლოდროინდელი ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, გააჩინა შეშფოთებას მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით და განაახლა ოდირის დიდი ხნის რეკომენდაცია ყოვლისმომცველი საკანონმდებლო გადახედვის შესახებ.

ანგარიშში კვლავ ხაზგასმულია პოლარიზებული და ინსტრუმენტალიზებული მედიის ნეგატიური გავლენა და შეზღუდული კონტროლი კამპანიის დაფინანსებაზე, თუმცა, ნათქვამია, რომ მონაწილეებს, ძირითადად, თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება. ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ მოპოვებულმა მრავალმა უპირატესობამ, ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსის გარდა, ხელი შეუწყო საველე პოზიციის უთანასწორობას.

დასკვნის მიხედვით, არჩევნებისთვის სამზადისი კარგად წარიმართა, თუმცა, არჩევნების დღეს ხმის ფარულობასთან დაკავშირებულმა ხშირმა დარღვევებმა, რამდენიმე პროცედურულმა შეუსაბამობამ, ზეწოლისა და დაშინების (მათ შორის პროცესის ჩაწერის გზით) შესახებ შეტყობინებებმა უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.

„1924 დაკვირვებიდან 6%-ში, რაც მნიშვნელოვანი რიცხვია, პროცესი შეფასდა უარყოფითად, ძირითადად ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების ნიშნების გამო, რასაც ზოგჯერ თან ახლდა დაძაბულობა, არეულობა და გადატვირთულობა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონს არ ეწინააღმდეგებოდა, პარტიების, ძირითადად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, უმეტეს უბნებზე კენჭისყრის პროცესი ვიდეოზე ჩაწერეს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ ვიდეოჩაწერებმა დამაშინებელი ეფექტი იქონია, რადგან კამერები ხშირად მიმართული იყო ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მოწყობილობების ან საარჩევნო უბნებისკენ, რაც პოტენციურად არღვევდა ხმის მიცემის ფარულობას.

ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებული პოტენციური დარღვევები დაფიქსირდა დაკვირვების 24%-ში იმის გამო თუ როგორ ხდებოდა ბიულეტენების ჩასმა საარჩევნო ყუთებში, 12%-ში იმის გამო, თუ როგორ აღნიშნავდნენ ბიულეტენებს, ხოლო 7%-ში საარჩევნო უბნების არაადეკვატური განლაგების გამო“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა ხმის ფარულობის უზრუნველსაყოფად.

ოუენ მერფი, რომელიც საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საჩივრები, როგორც არჩევნების დღემდე, ისე მის შემდეგ, ხშირად არ განიხილებოდა სრულყოფილად და უარყოფილი იყო ტექნიკური ნიშნით, რაც ძირს უთხრის სათანადო განხილვის უფლებას. აქედან გამომდინარე, ოდირი რეკომენდაციას უწევს ზომების მიღებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი სასამართლო დაცვის საშუალება და გაიზარდოს საზოგადოების ნდობა.

გარდა ამისა, ოდირმა შეაფასა არჩევნების შემდგომი მოვლენების და განაცხადა, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები არაერთხელ დაარბიეს ძალადობრივად, იყო დაპატიმრების მრავალი  შემთხვევა და ბრალდებები მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით, რომლებიც უზრუნველყოფენ შეკრების თავისუფლების უფლებას, აგრეთვე წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებისგან დაცულობის უფლებას.

ოდირი აღნიშნავს, რომ მისი მანდატი არ არის არჩევნების აღიარება ან მხარდაჭერის გამოცხადება. არამედ, „ამის ნაცვლად, ოდირი უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას, რომელიც ეფუძნება უნივერსალურ პრინციპებს, საერთაშორისო და ეუთოს ყველა სახელმწიფოს მიერ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ვალდებულებებს“. ეს კი, ეუთოს განცხადებით, საშუალებას აძლევს ამომრჩევლებს, თავად ჩამოაყალიბონ საკუთარი გადაწყვეტილება არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საჭიროა ცვლილებები როგორც კანონში, ასევე პრაქტიკაში, რათა გადაიჭრას საზოგადოების დაბალი ნდობის საკითხი და საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა გაიზარდოს.  

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.