ევროკომისიაში ადეიშვილთან შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა - EU

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ანდრი კოსტინი და ზურაბ ადეიშვილი

„ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას“, - ასე ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს, რაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობით ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს მოჰყვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ გენერალური დირექტორის გერტ იან კოპმანს, ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატიდან, რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, უკრაინის ჩათვლით.

„გასულ სამშაბათს, ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა, ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გენპროკურორმა ანდრი კოსტინმა ბრიუსელში არაერთი ოფიციალური შეხვედრა გამართა. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს ზურაბ ადეიშვილიც, რომელიც ანდრი კოსტინის მრჩეველია.

ევროკომისიაში გერტ იან კოპმანთან შეხვედრა 5 მარტს გაიმართა და უკრაინული მხარის ინფორმაციით, ანდრი კოსტინმა ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის გზაზე უკრაინის პროგრესზე ისაუბრა.

„არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავებული კანონის აღსრულების რეფორმის ყოვლისმომცველი სტრატეგიული გეგმის მიღება უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ის მიზნად ისახავს სისხლის სამართლის პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებას, სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი საქმიანობის სათავეში ადამიანის უფლებების დაცვის დაყენებას“, - წერდა ანდრი კოსტინი სოციალურ ქსელ X-ში შეხვედრის შემდეგ.

თებერვლის ბოლოს ზურაბ ადეიშვილი ანდრი კოსტინს თან ახლდა გერმანიაში, ბუნდესტაგში გამართულ რამდენიმე შეხვედრაზე.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ევროკავშირის და გერმანიის ელჩებისგან განმარტების გაკეთება მოითხოვეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ზურაბ ადეიშვილი ქართული სასამართლოს მიერ არის სანქცირებული და „როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გვერდს უვლიან საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს“.

„როდესაც ხვდები ადეიშვილს და ესაუბრები მართლმსაჯულებაზე, შემდეგ ასეთი ადამიანების სიტყვები საქართველოს მიმართ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აღარ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორიც უნდა იყოს.

თუკი რაიმე არის ანტიევროპული პროპაგანდის თუ დისკრედიტაციის ნაწილი, არის სწორედ ასეთი საქციელები ზოგიერთი ჩინოვნიკისა, რომლებიც, თავიანთი დაუდევრობით ან თავიანთი განზრახულობით, ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოს უპატივცემულობით ხვდებიან საქართველოს მხრიდან დასანქცირებულ ადამიანს. იმედია, განმარტებები იქნება და აღმოჩნდება, რომ უბრალოდ არ იცოდა ვიღაცამ და წინდაუხედავად მოხდა ეს შეხვედრები.

ხაზს გავუსვამ, რომ ზურაბ ადეიშვილს, ჯამში, 18 წელი აქვს მისჯილი. ის არის არა უბრალოდ პოლიტიკურად სანქციის ქვეშ მყოფი ადამიანი საქართველოსგან, არამედ სასამართლოს სტანდარტით დასანქცირებული ადამიანი, რომლის სასჯელის აღსრულებასაც ელოდება ქართველი ხალხი.

როდესაც საქართველოს მხრიდან დასანქცირებული ადამიანი, შემდეგ ასეთი ფოტოებით გაირკვევა, რომ ხან ბუნდესტაგში ზის კომიტეტის სხდომაზე, ხან ევროკომისიაში ზის მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის აღმაშფოთებელი. ჩვენ პირნათლად ვიცავთ სანქციებს, რომლებსაც ევროკავშირი ან სხვა ქვეყნები აწესებენ და უზრუნველვყოფთ, რომ გვერდის ავლა არ მოხდეს. როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გვერდს უვლიან საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა 2021 წელს, მისივე მოთხოვნით შეუწყდა, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული. 2013 წელს ინტერპოლმა საქართველოს მოთხოვნით მასზე წითელი ცილკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, თუმცა 2015 წელს ის ძებნილთა სიიდან ამოიღო. საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ინტერპოლმა ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი. ზურაბ ადეიშვილი უკრაინის მოქალაქეა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).