ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და ასევე, გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 3 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
- 4 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 5 არასამთავრობოები: ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე დავა ანტიკონსტიტუციურია
- 6 აშშ-ის სანქციების შემდეგ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის
„ძვირფასო პრეზიდენტო, დიდ პატივს ვცემ საქართველოს ევროპული გზისადმი თქვენს ერთგულებას. ჩვენ ვხვდებით მნიშვნელოვან მომენტში - მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის“, - წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში.
ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ სალომე ზურაბიშვილმაც დაწერა. მისი თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული გზის დაჩქარებისადმი.
„ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ“, - დაწერა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსაც, რომელმაც X-ზე დაწერა, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ საქართველოში, ქართველმა ხალხმა შეიძლება გადაწყვიტოს. მისი თქმით, რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროპული გზის საფუძველია.
ევროპაში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო „ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში“. ვარშავაში ის პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა, ხოლო ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.
საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი საზღვარგარეთ მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფება და ამით ქვეყნის კონსტიტუციას კიდევ ერთხელ არღვევს. უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ევროპაში ზურაბიშვილს ხვდებიან, გამოხატავენ „უხეშ უპატივცემულობას“ საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ.
