დღეს, 4 ივნისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მიიღო. წარდგენილ დოკუმენტს, შესწორებებით, მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ 14-მა მისცა ხმა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 2 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 3 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 „ქართული ოცნება“ რუსეთს ქვეყანაში გავლენის გაზრდის საშუალებას აძლევს - აშშ-ის დაზვერვა
ანგარიშის შესახებ მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე იყო. მან პრესკონფერენციაზე მწუხარება გამოთქვა, რომ “წლიურ ანგარიშში ევროპარლამენტმა უნდა შეაფასოს საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის, არა პროგრესი, არამედ ქვეყნის უზარმაზარი ნაბიჯი დემოკრატიული ქვეყნიდან, ევროპული პარტნიორობის ქვეყნების ლიდერობიდან, სასტიკ ავტოკრატიამდე”.
“ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ძლიერი ზომები უნდა მიიღონ, სანამ გვიან არ არის. ეს ჩვენი ვალია მამაცი ქართველების წინაშე, რომლებიც თავისუფალი და პროევროპული მომავლისთვის იბრძვიან”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ანგარიშში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები “გაყალბებულად” არის მოხსენიებული. დოკუმენტის მიხედვით, სწორედ ამ არჩევნებმა გაუხსნა გზა „ქართულ ოცნებას“, რათა უკანონოდ მიეტაცებინა სახელმწიფო ინსტიტუტები, მიეღო რეპრესიული კანონმდებლობა და მკაცრად გასწორებოდა პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებს.
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი კვლავ ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს უახლოეს თვეებში, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობით.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ხაზს უსვამს “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლს პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში და მოითხოვს მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიზანმიმართული, პერსონალური სანქციების შემოღებას და მისი აქტივების გაყინვას ევროკავშირში.
ანგარიშით ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, შემოიღონ პერსონალური სანქციები ძირითადად იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე. ამასთანავე, ისინი კვლავ ადასტურებენ, რომ ევროკავშირის მიერ ამ დრომდე მიღებული ზომები არ ასახავს საქართველოში არსებული სიტუაციის სიმძიმეს და მოუწოდებენ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გააერთიანოს თანამოაზრე წევრი სახელმწიფოები კოორდინირებული მოქმედებისთვის და სანქციების მიღებისას ამით გადალახოს პოლიტიკური დაბრკოლებები.
მზარდი რეპრესიული საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ ევროკავშირის საქართველოსადმი მიმართული პოლიტიკის დაუყოვნებლივ აუდიტს და ევროკომისიას მოუწოდებენ, გადახედოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხს.
ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხისა და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ. ისინი აღნიშნავენ, რომ 2025 წელს დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად, რაც უკვე დადასტურდა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით.
ანგარიში ევროპარლამენტის კენჭისყრაზე მომავალ პლენარულ სხდომაზე გავა.
3 ივნისს, ევროპარლამენტში, კიდევ ერთ, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ვრცლად ისაუბრეს საქართველოს შესახებ. ამ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.
