ევროპარლამენტმა დღევანდელ კენჭისყრაზე, 370 ხმით 282-ის წინააღმდეგ, ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. განახლებული ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით მუშაობას ოფიციალურად დეკემბერში დაიწყებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ევროკომისიაში სულ 27 წევრია. ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იქნება. ის ამ თანამდებობაზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პოსტზე ოლივერ ვარჰეის მარტა კოსი ჩაანაცვლებს. ვარჰეი კომისიის შემადგენლობაში ჯანმრთელობისა და ცხოველთა კეთილდღეობის კომისრად დარჩა.
ევროკომისიის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ (ECR) ჯგუფის წევრი რაფაელ ფიტო აირჩიეს. ის პირველი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსია, რომელმაც ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკვანძო თანამდებობა მიიღო.
ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირის თავდაცვის კომისარი გახდა. ის თანამდებობაზე ყოფნის პირველი 100 დღის განმავლობაში, კაია კალასთან ერთად, უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ სტრატეგიული დოკუმენტის წარმოდგენას გეგმავს.
კენჭისყრის წინ, ევროპარლამენტს ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმართა. როგორც მან განაცხადა, 2024-2029 წლებში ევროპის უსაფრთხოება კომისიის პრიორიტეტი იქნება და ევროკავშირს მოუწოდა, თავდაცვაზე მეტი დახარჯოს.
„ევროპის საზღვრებზე ომი მძვინვარებს და ნატოსთან ერთად მუშაობით, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რაც წინ გველის. ჩვენ ვიცით, რომ როგორც ევროპელებმა, კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ ერთად. მხოლოდ ერთი რიცხვი - რუსეთი თავდაცვისთვის მშპ-ს 9%-მდე ხარჯავს, ევროპა საშუალოდ - 1.9%. რაღაც ისე არ არის ამ თანაფარდობაში. ჩვენი თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. ჩვენ გვჭირდება ერთიანი ბაზარი თავდაცვისთვის, უნდა გავაძლიეროთ თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი სამხედრო მობილურობა, გვჭირდება საერთო ევროპული პროექტები თავდაცვის სფეროში. სწორედ ამიტომ ანდრიუს კუბილიუსი იქნება პირველი ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოებაზე და ამ კონტექსტში უკრაინა და მოლდოვა ახსენა.
„ევროპის ოცნება ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვაში და მათ ფარგლებს მიღმა.
ჩვენ ვნახეთ უკრაინელი ხალხის სიმამაცე ევროპულ გზაზე. ჩვენ ვნახეთ მოლდოველების მედეგობა თავიანთი ევროპული მომავლის დასაცავად. ჩვენ დავინახეთ დასავლეთ ბალკანეთის ერთგულება რეფორმების, ზრდისა და კავშირში გასაწევრიანებლად მომზადების მიმართ. ამავდროულად, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი არ შეჩერდება, რათა ხელი შეუშალოს მათ ევროპულ მომავალს. მაგრამ ევროპის ერთგულება ამ ქვეყნების მიმართ ყოველთვის უფრო ძლიერი იქნება.
ეჭვგარეშეა, ჩვენ გვსურს უკრაინა ევროკავშირის ნაწილი იყოს. ასე რომ, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით რამდენიც დასჭირდება. ჩვენ მოვემზადებით იმ რეფორმებით, რაც ჩვენ გვჭირდება და მხარს დავუჭერთ ამ ქვეყნებს ყოველ ნაბიჯზე, დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესში, სანამ ისინი მზად იქნებიან შეუერთდნენ ჩვენს კავშირს. მარტა კოსი - თავისი დიდი გამოცდილებით - არის შესაფერისი ადამიანი ამ სამუშაოსთვის.
დემოკრატიით, კანონის უზენაესობითა და ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ პატივისცემით გაერთიანებული კონტინენტის ხედვა ყოველთვის იქნება ჩვენი საქმიანობის განმსაზღვრელი. ამ ქვეყნების ხალხი იმსახურებს მშვიდობის, პროგრესისა და კეთილდღეობის მომავალს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს მომავალი შეიძლება იყოს ევროპაში“, - აღნიშანა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის წევრები თავიანთი მოვალეობების შესრულებას 1-ელ დეკემბერს, ევროპული საბჭოს მხრიდან ფორმალური დანიშვნის შემდეგ შეუდგებიან.