ემიგრაციაში მყოფი ვეტერანები, 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს მიმართავენ, შეასრულონ დადებული ფიცი და საქართველოს ემსახურონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 5 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 6 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
ვიდეომიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა ირაკლი შაიშმელაშვილმა გაავრცელა:
„ჩვენ, საქართველოს სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის ემიგრაციაში მყოფი ვეტერანები, საქართველოს ეროვნული გმირებისა და ჩვენი დროშის ფონზე ვერთიანდებით ერთი მიზნით - ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს გადასარჩენად.
დღეს სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის ჟამი დგას, რა დროსაც ჩვენი ერთობით, ბრძოლისუნარიანობითა და სიმტკიცით უნდა გადავარჩინოთ საქართველო, რათა არ გახდეს რუსეთის მონობის, უსამართლობისა და სრული უიმედობის მსხვერპლი. ჩვენ დღეს ვერთიანდებით სამშობლოს, ეროვნული გმირებისა და მომავალი თაობების გამო.
ეს ერთიანობა ეძღვნება 4 ოქტომბერს.
დღეს, როცა საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი უნდა გადაიშალოს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ახალი საქართველოს დაბადება. თუ ვინმემ იცის აბსოლუტური სიზუსტით, რა ხდება დღეს ქვეყანაში, ეს ძალოვანი სტრუქტურებია. ამიტომ მოგმართავთ თქვენ, რიგი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს და არამც და არამც თქვენს ხელმძღვანელებს, რომლებმაც უკვე გააკეთეს თავიანთი არჩევანი და ისინი სიბნელის მხარეს დადგნენ.
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. დადგა დრო, როცა ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. დადგა დრო, როცა ერთი და იგივე, წლობით სისტემაში ჩამჯდარმა, ყველა რეჟიმისა და მთავრობის მონა-მორჩილმა, ყველა დანაშაულებრივი ბრძანების უსიტყვო შემსრულებელმა, ერთი და იგივე სახეებმა აღარ უნდა გმართონ.
მოვიდა დრო, ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები. მათ შორის, განხორციელდეს ძალოვანი სისტემების საფუძვლიანი, სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთი მხრივ მშვიდობაზე, სამართლიანობასა და უსაფრთხოების დაცვაზე და მეორე მხრივ, საკანონმდებლო დონეზე თანამშრომელთა მოვალეობების დარეგულირებაზე. მოვიდა დრო და თქვენ კი გეძლევათ შანსი, გახდეთ ამ უნიკალური ცვლილებების თანამონაწილე.
თქვენ დღეს ხედავთ, რომ თბილისსა თუ სხვა ქალაქებში ასი ათასობით წარმატებული პროფესიონალი, თავისუფალი და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები დგანან და არჩევნების მოპარვასთან ერთად, საქართველოს ევროკავშირისა და დასავლეთისგან იზოლაციას აპროტესტებენ.
ჩვენ ხომ ყველამ ზედმიწევნით ზუსტად ვიცით, რომ ისინი არც რომელიმე ქვეყნის აგენტები არიან და არც სხვა ქვეყნის პროპაგანდისტული მესიჯებით არიან დაზომბებული. ჩვენ ხომ ყველას ზუსტად გვესმის მათი გულისა და მაჯისცემა სამართლიანობის მოთხოვნაზე, იმიტომ, რომ ჩვენშიც თუ რამეს სწუხს და ყვირის, სწორედ, რომ უსამართლობა და უთანასწორობაა. ისინიც ხომ ზუსტად იმას ითხოვენ, რასაც თქვენ სულ მცირე, გულში ფიქრობთ და ეთანხმებით. ითხოვენ იმას, რაც მოპარეს, რითაც ღირსება შეულახეს – საარჩევნო ხმას და ამისთვის იბრძვიან მთელი თავიანთი შეგნებით, იმიტომ, რომ ჩემი, თქვენი, მათი შვილების, ჩვენი ყველას მოპარული მომავალი არ დაკარგონ. ისინი ხომ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის არ იბრძვიან? ისინი ხომ ამით ჩვენი შვილების მომავალსაც კბილებით იცავენ? ცხადია, თქვენც, ჩვენც, მათაც და ყველა სხვასაც ესმის, რომ ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს. ამაში არაფერი არაბუნებრივი. პირიქით, თუ ვინმე ესე არ ფიქრობს, ისაა უცხო, თუმცა მათ და ჩვენ ყველას ერთად, მთელ ქვეყანას ეს ხმები მოგვპარეს.
მოპარული ხმების ერთ-ერთი თანამონაწილე კი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყავით და ეს ყველაზე კარგად თქვენ იცით, ვინაიდან იძულებით გაქციეს ან სიბინძურის თანამონაწილეებად. და როცა ადამიანებს ეყოთ ღირსება, სამშობლოს სიყვარული, ბრძოლისუნარიანობა და ეს მოპარული არჩევნები გააპროტესტეს, მათ უბრალოდ ძალმომრეობის პრინციპით თავპირის დაალეწეს. ხოლო უკვე დაკავებულებს, რომლებიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, წიხლებით შედგნენ, დემონსტრაციულად და დამამცირებლად.
ამ სისტემური დანაშაულებების თანამონაწილე თქვენ, თქვენი მოქმედებები თუ უმოქმედობით ქმნიან და ეს ყველაფერი თქვენი სახელით კეთდება. ამ ამ პერიოდში ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი იწერება საქართველოს ისტორიაში, როცა ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას მთელი ძალით და სრული რესურსებით ახორციელებს რუსული ოცნება.
თქვენ ხართ ერთადერთი დასაყრდენი, რაზეც დგას ეხლა არალეგიტიმური და არაკანონიერი ხელისუფლება.
არ დასჭირდება ისტორიას ბევრი დრო ამ მოვლენების შესაფასებლად. მიეცით თქვენს შვილებს და შვილიშვილებს საშუალება, იამაყონ თქვენით. ვიცით, რომ ფინანსურად ყველას გიჭირთ, მაგრამ ეხლა ისეთი დროა, უამრავი მხარში მდგომი აღმოგიჩნდებათ სწორედ აი, ამ თქვენთვის სრულიად უცნობი ადამიანებისგან, რომლებიც დღე და ღამე რუსთაველზე დგანან. შესაბამისად, მჯერა, კეთილი და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები, სამსახურიდან წამოსვლის შემთხვევაში, თქვენს ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებენ, ხოლო ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, ყველა მიიღებთ დამსახურებულ ადგილს.
ვიცით, რომ რთულია, იყო პირველი და მეორე. უფრო ადვილია მესამედ და მეოთხედ ყოფნა, როცა ვიღაცამ უკვე გამოარა ის განსაცდელი, რაც სისტემიდან წამოსვლას უკავშირდება.
ვიცით, რომ არ არის ადვილი გაიხადო ფორმა, გადახვიდე ხალხის მხარეს, როცა უბრალო მოქალაქეები მოგიწოდებენ ხოლმე. ჩვენ გვესმის ეს ნიუანსები. ერთის და ორის პროტესტის ხმა ჩაიკარგება. საჭირო იქნება მესამე და მეოთხე შედეგისთვის. ამიტომ გაიხედ- გამოიხედეთ გვერდით. შესაძლოა იქ ჩვენ დაგვინახოთ. დაინახოთ თქვენი ყოფილი თანამებრძოლები, ვისთან ერთადაც არაერთი ბრძოლა გამოგივლიათ. ირწმუნეთ, რომ ბევრნი ხართ.
ირწმუნეთ ერთმანეთის. ირწმუნეთ იმ გმირების, რომლებიც იცავდნენ ეროვნულ ინტერესებს. ირწმუნეთ ახალგაზრდა თაობის, რომელიც სისტემიდან წამოსულ თითოეულ თქვენთაგანს ახტაცებით შეხვდება და გულის ფანცქალით გელოდებათ, ვინ იქნებით შემდეგი, რომ მიგიღოთ, რომ გმირებად გაქციოთ. ირწმუნეთ თქვენი სამშობლოს მომავლის, რომ თქვენ უნდა ააშენოთ ახალი ევროპული საქართველო, ახალი ევროპული ძალოვანი სისტემებით. ბოლოსდაბოლოს ირწმუნეთ საკუთარი თავის.
გამოეცალეთ მაგ ბოროტ სისტემას და შეატოვეთ რუსული სახელი მათ. თქვენ კი წამოდით და თან წამოიღეთ თქვენი წილი ღირსება, რაც ამდენი წელი სიამაყით ატარეთ. უბრალოდ შეასრულეთ თქვენი ფიცი, ემსახურეთ საქართველოს.
და ბოლოს დავასრულებ გიორგი კვინიტაძის სიტყვებით, ჩვენს მიმართვას: „თუ თქვენ გიყვართ თქვენი სამშობლო, თქვენ იპოვით თქვენს საქციელს”.
დიდება გმირებს!”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება, რომელსაც პროდასავლური ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ბოიკოტს უცხადებს. ამ დღეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისა და აქციის გამართვის ინიციატივით თავდაპირველად მოძრაობა „რუსთაველის გამზირი“ გამოვიდა. „ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს“, - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, რომ 4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ რეჟიმს მშვიდობიანად დაამხობენ“. ამ განცხადების გამო, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილია დაკავებული.
