მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ლევან ხაბეიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მასთან ერთად დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მურთაზ ზოდელავას - საპატიმრო გირაო 25 000 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს, ქრთამის დაპირების ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლითაც წარუდგინა. საქმე ეხება ლევან ხაბეიშვილის მიერ სატელევიზიო ეთერებში გაკეთებულ და სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებებს.

„ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში - სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატიურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს. [...] ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და საოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს“, – აცხადებს პროკურატურა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლევან ხაბეიშვილს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მან თქვა, რომ თავის არცერთ განცხადებას არ ემიჯნება.

„თქვენ ხართ ერთადერთი მოსამართლე დედამიწაზე პოლიტიკური განცხადების, პოლიტიკური დაპირების გამო რომ გაეცით ადამიანის დაკავების ორდერი“, - ამ საფუძვლით ხაბეიშვილი მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის აცილებას ითხოვდა.

„არ არსებობს არანაირი ფაქტი, გარდა ჩემი პოლიტიკური განცხადებისა. მინდა გავიმეორო, ეს არის ჩემი პოლიტიკური დაპირება, მე გავაცანი საზოგადოებას ჩემი პარტიის დაპირება - 200 000 დოლარი მათთვის, ვინც ხალხს არ აწამებს.

მე უკანონოდ სახის ძვლები დამამტვრიეს, თავი გამიტეხეს, ბატონო პროკურორო, ერთი ადამიანი დაგიკავებიათ? უამრავი, ასობით ნაცემი ადამიანია, ხალხს სკალპები ახადეს. ვინმე დააკავეთ?

სადმე ნახეთ, ვიღაცას ყურში, ე.წ. პადვალში ვეუბნებოდი რამეს? საჯაროდ განვაცხადე, ამ ინიციატივას ასობით ადამიანი შეუერთდა, ადექით და დაიჭირეთ ყველა. თუ კანონს ვარღვევდი 2 თვის წინ, აქამდე რას აკეთებდით, რატომ არ დამაკავეთ, მადროვეთ ჯიბეზე ხელს სანამ გავიკრავდი?

დიახ, ბიუჯეტიდან ჯილდო არის აბსოლუტურად ნორმალური, როცა ადამიანებს ეუბნები, ნუ აწამებთ ადამიანებს უკანონოდო? ყველა ჩემი მითხოვნა კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდებოდა.

ლევან ხაბეიშვილი არის აქტივისტი, რომელიც კორუფციას 13 წელია ებრძვის. პროპაგანდას უნდოდა ეთქვა, ხაბეიშვილმა ქრთამი შესთავაზაო. ეს ბრალი დაწერეს მხოლოდ იმის გამო, რომ იქ ეწეროს ქრთამი. ეს არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი. 13 წელია რეჟიმს კორუფციაზე ვებრძვი და ბოლოს ქრთამი ჩამიწერეს ბრალში.

ხაბეიშვილს მილიარდელი კეზერაშვილი აფინანსებსო, სად არის ეგ მილიარდები? რატომ ვერ იპოვეთ?

პოლიტიკოსი, ლევან ხაბეიშვილი, ჩემი ხალხისთვის ვიბრძვი და მოვა დრო, როცა ღირსეული ანაზღაურება ექნებათ ამ ადამიანებს.

ვინ მასამართლებს? ხალხი, ვინც თითო სოფელს 5 მილიონს დაპირდა, ასევე, პენსიას 1000 ლარს.ღირსეული პოლიციელებისთვის ჯილდო, თურმე, ქრთამია. ქრთამი ჩემთვის პატიმრობაზე დამამცირებელია.

ბრალი, რომელიც დამხობას ეხება - სად გინახავთ დამხობა იარაღის გარეშე? სად გინახავთ ლევან ხაბეიშვილის შეიარაღება? კაკო ყაჩაღი ვარ? ერთი სული გაქვთ, დილეგში ჩამაგდოთ და მშვიდად გააგრძელოთ ცხოვრება.

მოსამართლეს მინდა ვუთხრა და საზოგადოებას, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

ხალხნო ამათმა წააგეს, ეს არის მარცხი. ნუ გეშინიათ ნურაფრის, ეს არის პოლიტიკური პროცესი, არცერთ ჩემს განცხადებას არ ვემიჯნები. არ არსებობს არანაირი ქრთამი და არანაირი გადატრიალება, დამხობა.

ხელისუფლებას არ აქვს უფლება, არ დაუჯეროს ხალხს. 4 ოქტომბერს უნდა გავიმარჯვოთ. ვინც გეუბნებათ, რომ ეს 4-ში კი არა, 9-ში უნდა იყოს, ის არის არარაობა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ბრალდებულის ამ სიტყვას სხდომათა დარბაზში ტაში და შეძახილები მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ პროცესი დახურა.

ლევან ხაბიშვილის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებად დევს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სუს-ის თანამშრომლების პატაკები.

„გდდ-ის სამი თანამშრომელი აღნიშნავს, რომ მათ მოისმინეს ლევანის ინტერვიუ, სადაც საუბარი იყო ჯილდოზე, მიიღეს ეს შეურაცხყოფად და ეს არის, მათი შეფასებით, ქრთამის შეთავაზება პოლიციის თანამშრომლებისთვის. სუს-ის თანამშრომელი აკეთებს პატაკს, რომ საჯარო სივრცეში ასევე, ლევანი მოუწოდებს ხალხს მშვიდობიანი რევოლუციისკენ, მშვიდობიანი დამხობისკენ და ამ პატაკის საფუძველზე მას წარედგინა მეორე ბრალდება“, – განაცხადა კონდახიშვილმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა ტელეკომპანია „ფორმულას“ შესასვლელთან დააკავეს. როგორც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხაბეიშვილმა ზოდელევას „დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანაშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე“. საბოლოოდ, პროკურატურამ მურთაზ ზოდელავას ბრალი გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევისთვის წარუდგინა. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ხაბეიშვილის შესაძლო დაკავების შესახებ ინფორმაცია დაახლოებით თვე-ნახევრის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა. მისი განცხადებით, სუს-ი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, განსაკუთრებით კი ლევან ხაბეიშვილის დაკავებას და შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულებას აპირებდა.

ბოლო პერიოდში ლევან ხაბეიშვილი „ქართული ოცნების“ შიგნით ფულის გამო არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობდა. 1-ელ ივლისს, ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ფულის მიტანას თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძესაც სთხოვდა - „რაღაც კონკრეტულ ფულზეა ლაპარაკი, რომელიც მოიპარა და ობშიაკში ბიძინასთან არ მიიტანა“. ჯუანშერ ბურჭულაძე სუს-მა 10 სექტემბერს დააკავა. მას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის მითვისებას ედავებიან. ამავე საქმეზე დაკავებულები არიან ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და ბურჭულაძის ცოლისძმა ვასილ მხეიძე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.