საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 5 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 6 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
ბურჭულაძეს 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედვებიან და მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სუს-ის მიერ ამავე საქმეზე უკვე დაკავებულები არიან და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან:
- გიორგი ხაინდრავა – თავდაცვის მინისტრის (ჯუანშერ ბურჭულაძის) ყოფილი მოადგილე;
- ვლადიმერ ღუდუშაური – თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი;
- ვასილ მხეიძე – ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმა.
სუს-ის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და ვასილ მხეიძისთვის გამორჩენის მისაღებად, გიორგი ხაინდრავამ და ვლადიმერ ღუდუშაურმა, მხეიძის დახმარებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის (MRT) აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო. საქმის მასალების მიხედვით, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა MRT აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად.
„დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.
სუს-ის მტკიცებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, 2025 წლის იანვარში, მეუღლესთან ერთად 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით.
„ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს
ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.
ამასთან, დამატებით, გამოიყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება. ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
