სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 6 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
ხაბეიშვილს „ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირებას“ ედავებიან, რაც 4-დან 7 პატიმრობით ისჯება.
„ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე; ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ, კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას“, – განაცხადა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.
გაგნიძის თქმით, ლევან ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადახდას საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას.
„იგი დასახელებულ თანხას ქრთამის სახით დაჰპირდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც. ლევან ხაბეიშვილმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიციელებისთვის დაპირებული თანხის გადახდა მიაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ნებისმიერი მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული ხელისუფლების შესაცვლელად. ვინაიდან ხაბეიშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში, რომელსაც ჰქონდა განგრძობითი, სისტემატური ხასიათი, იკვეთება იმ დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, იგი დაკავებულ იქნა ჩვენ მიერ ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე“, – აღნიშნა ემზარ გაგნიძემ.
ხაბეიშვილის დაკავების შესახებ ცნობილი გახდა ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორის, მიშა მშვილდაძის მიერ გავრცელებული ვიდეოდან. მშვილდაძის თქმით, ხაბეიშვილის დაკავება ტელეკომპანიის შესასვლელში მოხდა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მამუკა მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, ასრულებს. არაფრის შეგეშინდეთ. მე ამის მოლოდინი მქონდა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა დაკავებისას.
რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, ის ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში იყო და ხაბეიშვილის დაკავების შესახებ საუბრობდა, როდესაც პირბადიანმა პირმა, სუს-ის თანამშრომელმა უთხრა, გაყოლოდა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე ემზარ გაგნიძემ თქვა, რომ ზოდელავას სუს-ის თანამშრომელზე ძალადობა ედება ბრალად.
„[ზოდელავას] ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანაშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – თქვა ემზარ გაგნიძემ.
დაახლოებით თვე-ნახევრის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილის შესაძლო დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. „ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას - „ნაციონალური მოძრაობის“, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში, ლიდერშიფის დიდი ნაწილის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას სახელმწიფო გადატრიალებისთვის. ამისთვის გამოიყენებს ფალსიფიკაციის თანამედროვე მეთოდებს“, – ნათქვამი იყო სააკაშვილის განცხადებაში.
29 ივლისს, ხაბეიშვილის დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აფილირებულმა Facebook-გვერდმა „ყველაფერი პოლიციის შესახებ“ დაანონსა. ფეისბუქ პოსტში, რომელიც მალევე წაიშალა, ეწერა: „დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ლევან ხაბეიშვილისთვის ციხის კარები გაიხნა“.
