გაგლოევის თქმით, დროა „ოცნებამ“ „შემდეგი ნაბიჯი“ გადადგას და „სამხრეთ ოსეთი“ აღიაროს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა „ქართული ოცნების ხელისუფლებას „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებისკენ მოუწოდა. ე.წ. პრეზიდენტმა ამის შესახებ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გამოცხადების“ 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ ღიად ვამბობთ: მათ, ვინც საქართველოში იპოვეს გამბედაობა, ეღირებინათ სააკაშვილის პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაზე, დროა გადადგან შემდეგი ნაბიჯი. აღიარეთ სამხრეთ ოსეთი. არა პოლიტიკის გულისთვის - მომავლის გულისთვის, სამართლიანობის გულისთვის, რათა კავკასიის ყველა ხალხმა მშვიდობიანი ცის ქვეშ იცხოვროს“, - თქვა გაგლოევმა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში მან „სამხრეთ ოსეთი“ „განადგურებისგან იხსნა“:

„მადლობა თითოეულ რუსს, ვინც გულგრილი არ დარჩა! მადლობა რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენი ხალხის დასაცავად ბრძოლაში შევიდნენ, რადგან მათ იცოდნენ: სამხრეთ ოსეთი უცხო მიწა არ არის! ის ჩვენი საერთო სამშობლოს ნაწილია“.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკოც, რომელმაც განაცხადა, რომ დღეს „სამხრეთ ოსეთის“ ჯარისკაცები უკრაინაში „სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს“ იბრძვიან და „გმირულად იცავენ რუსეთის ინტერესებს, ისევე როგორც მათი წინაპრები“.

ე.წ. რესპუბლიკის გამოცხადების 35-ე წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალში „სამხედრო აღლუმი“ გაიმართა. მედიის ინფორმაციით, მასში „სამხრეთ ოსეთისა“ და რუსეთის ასობით სამხედრო მოსამსახურე, ასევე ტექნიკა მონაწილეობდა. კირიენკოს გარდა, ცხინვალში იმყოფებოდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სერგეი ნაზაროვი.

„ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილმა ე.წ. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა, დასკვნაში ჩაწერა: „ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს“. კომისიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საზიანო ნაბიჯები 2004 წლიდანვე გადადგეს.

 

ამ თემაზე:

წულუკიანი 2008 წლის ომზე: გარე ძალების დახმარების იმედით ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს

„რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.