გახარიამ მდინარაძის განცხადებას „ბოდვა“ უწოდა და თქვა, რომ მას ტექსტი ივანიშვილმა დაუწერა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„მამუკა მდინარაძე იმ დროს და ალბათ ახლაც, საერთოდ იმ ოთახში შემოშვებაზე კი არა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზეც ახლოს ვერ მოვიდოდა. რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად“, - ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან მამუკა მდინარაძეს, რომელმაც ის ოკუპირებულ ტერიტორიასთან ჩორჩანის საგუშაგოს თვითნებურად გახსნასა და „შეიარაღებული დაპირისპირების ხელოვნურად გამოწვევის“ მცდელობაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გახარიას თქმით, მდინარაძის ტექსტი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაწერილი, რომელსაც „შიშები ამოძრავებს“.

„რატომ? მარტივი მიზეზის გამო - მან ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც ახლა, წინასაარჩევნოდ, სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ, როდესაც შენ შენი ხალხისგან გაურკვეველი მიზეზების გამო ითხოვ ბოდიშის მოხდას, ამის შემდგომ შენი დავალებით, შენი ქვეყნის პრემიერ-მონისტრი შენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას და ფაქტობრივად, უმძიმეს დარტყმას აყენებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არაღიარების პოლიტიკას, რაც პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის დაზიანებას; როდესაც შენ, შენი ფინანსური ინტერესების, ფულის გამო რიგში აყენებ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს - პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებს და შენი ფინანსური დავის გამო ამ მონებს ალაპარაკებ და შემდგომ სახელმწიფოს იყენებ იმისთვის, რომ რაღაც ფული უკან დაიბრუნო, ამაში არის ძალიან სერიოზული ნიშნები ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილს ექნება შესძლებლობა, რომ რაღაც განმარტებები გააკეთოს, იმიტომ, რომ მერწმუნეთ, ეს განმარტებები იქნება ბევრად უფრო საჭირო მისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმარტებები არ იქნება, იქნება სხვა ქმედებები, რადგან ეს კითხვები საზოგადოებაში არსებობს - როგორ შეიძლება შენს ქვეყანას და შენს მოქალაქეებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, მოსთხოვო ბოდიშის მოხდა, როგორ შეიძლება შენს სახელმწიფოს დააბრალო ომის დაწყება მაშინ, როდესაც იცი, რომ არაღაირების პოლიტიკა არის უზარმაზარის რისკის ქვეშ შენს გამო, იმიტომ, რომ დაანგრიე დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობა. აქ ჯაჭვია თანმიმდევრული მოვლენების და ამის შემდეგ ვიღაც შენი მონა, კლოუნი, ტექსტი დაუწერო და გამოვიდეს.

ძალიან სახიფათო ველზე შედიან. მე უკვე ვიწყებ ფიქრს იმაზე, ხომ არ მოვიდა დრო, არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა ის საკითხი, რომელიც ამათმა ჩამოთვალეს. დარწმუნებული ვარ, ამ საპარლამენტო კომისიის ფარგლებში საზოგადოება ძალიან ბევრ მისთვის საინტერესო რამეს გაიგებს, ოღონდ, არჩევნების შემდგომ, რადგან მე არ ვარ ისეთი მდაბიო, როგორც ზოგიერთი, რომ წინასაარჩევნო ინტერესებისთვის მსგავსი თემები გამოვიყენო. ამის გარეშეც, მერწმუნეთ, ის ისტერიკა, რომელიც „ოცნებას“ სჭირს, პირდაპირ მიუთითებს ჩვენს მზარდ მხარდაჭერაზე და მათ თავისუფალ ვარდნაში მყოფ მხარდაჭერაზე“, - თქვა გახარიამ.

მამუკა მდინარაძემ დრეს ბრიფინგი გამართა, სადაც ამტკიცებდა, რომ გიორგი გახარია და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაციონალურ მოძრაობის“ ძველი ფლანგი“.

მდინარაძემ ჩამოთავალა შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა გახარიამ „მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა“, მათ შორის, სპეცოპერაციები ღამის კლუბებში, პანკისსა და მესტიაში, ასევე, „ჩორჩანის ინციდენტი“ და 20 ივნისის აქციის დარბევა. „გახარიას მოღალატეობრივი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ჩორჩანას ინციდენტი. ისე, რომ გუნდის არც ერთ წევრთან, შესაბამის ორგანოებთან - კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - საკითხი არ შეათანხმა, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, პატრონების დავალების შესაბამისად, გამყოფ ხაზთან პოლიციის საგუშაგო დადგა. ... პროვოკაციის მთავარი მიზანი ახალი შეიარაღებული დაპირისპირების ხელოვნურად გამოწვევა იყო, რომელიც დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიან ომშიც შესაძლოა გადაზრდილიყო“, - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ „ეს ქმედება შეგვიძლია განვიხილოთ სავარაუდო პროვოკაციის მინიმოდელად, რასაც ხელისუფლებასთან გაკარების შემთხვევაში ის აუცილებლად ჩაიდენს“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).