გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„გახარიას მოღალატეობრივი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ჩორჩანას ინციდენტი. ისე, რომ გუნდის არც ერთ წევრთან, შესაბამის ორგანოებთან - კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - საკითხი არ შეათანხმა, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, პატრონების დავალების შესაბამისად, გამყოფ ხაზთან პოლიციის საგუშაგო დადგა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღეს გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ თქვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია არაფრით განსხვავდება „კოლექტიური აგენტურის“ წევრებისგან და „დავალებებს ისიც საერთო პატრონისგან იღებს“. მისი თქმით, ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნით გახარიამ „გაუგონარი პროვოკაცია მოაწყო, რასაც რუსეთის მხრიდან მოჰყვა უმძიმესი პასუხი“.

„მათ ადგილზე ოკუპანტებმა, გახსნეს სამჯერ მეტი საგუშაგო, წაიღეს კიდევ უფრო დიდი ტერიტორია, სოფელ ჩორჩანას მოსახლეობამ დაკარგა ტყე, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ, სახელმწიფომ მიიღო რეპუტაციული ზიანი.

თუმცა, პროვოკაციის მთავარი მიზანი ახალი შეიარაღებული დაპირისპირების ხელოვნურად გამოწვევა იყო, რომელიც დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიან ომშიც შესაძლოა გადაზრდილიყო.

ეს ქმედება შეგვიძლია განვიხილოთ სავარაუდო პროვოკაციის მინიმოდელად, რასაც ხელისუფლებასთან გაკარების შემთხვევაში ის აუცილებლად ჩაიდენს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ჩამოთვალა სხვა შემთხვევებიც, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა გიორგი გახარიამ „მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა“, მათ შორის, სპეცოპერაციები ღამის კლუბებში, პანკისსა და მესტიაში, ასევე, 20 ივნისის აქციის დარბევა.

„ცხადია, ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა - თუ ამ ყველაფერს ერთი კაცი აშავებდა, თუ ასე აზიანებდა სახელმწიფოს, როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? პასუხი არ არის მარტივი ნამდვილად, თუმცა ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად.

თუმცა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდისათვის, რადგან გახარია ჩამოშორდა მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრობას. სისტემას, რომელიც ქვეყნის სახე უნდა იყოს, ის კი ზემოთჩამოთვლილი, გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი ძალები უჭერდნენ მხარს გახარიას, არათუ მაშინ, ჩვენი გუნდი დღესაც უწევს ანგარიშს ამ ძალებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფრის მიუხედავად, მათთან ღრმა კონფლიქტში არ შევიდეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი გახარიას „ჩორჩანის ინციდენტთან“ დაკავშირებით მმართველი პარტიის ამ ბრალდებისთვის ჯერ არ უპასუხია. 2023 წელს, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს დროს მას ჰკითხეს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს რა გააკეთა საქართველოში რუსული გავლენების შესამცირებლად. გახარიამ ერთ-ერთ მაგალითად ჩორჩანას ისტორია დაასახელა:

„შეგიძლიათ ჩაიხედოთ და ნახოთ, რა იყო სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, სამაჩაბლოს მიმართულებით ჩორჩანას ისტორია, სადაც უბრალოდ, ჩვენმა ძალოვნებმა და პოლიციამ გმირობა ჩაიდინეს და ფაქტობრივად პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ეს ბორდერიზაცია და ქართული მიწის მიტაცება საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ დავიცავით“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში, ქართული პოლიციის საგუშაგო 2019 წლის აგვისტოს ბოლოს გაიხსნა. საგუშაგო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან დაახლოებით 240 მეტრის მოშორებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. მას ოკუპირებული წნელისი ესაზღვრება. საპოლიციო საგუშაგოს მოწყობას წინ უძღოდა 2019 წლის იანვრიდან, წნელისსა და ჩორჩანას შორის არსებულ ტერიტორიაზე, ხეებზე ფერადი მონიშვნები, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა როგორც „ბორდერიზაციის“ ნიშნები, თუმცა ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა ოსურმა მხარემ არ აიღო. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აღების მოთხოვნას დღემდე აყენებს.

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე, გადადგომამდე იკავებდა. 2017-2019 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2016-2017 წლებში - ეკონომიკის მინისტრი, ხოლო 2013-2016 წლებში ბიზნესომბუდსმენი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.