გახარიას პარტია: „რუსთავი 2“ ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, ვესაუბროთ ამომრჩეველს

„რეჟიმმა „რუსთავი 2“ საბოლოოდ TV „იმედისა“ და POS TV-ს კლუბში გააფორმა“, - ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ბაკურ ბაკურაძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ვიდრე ანა ბუჩუკური ბოდიშს არ მოიხდის, ტელეკომპანია პარტიის აქტივობებს არ გააშუქებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ოპოზიციური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, „რუსთავი 2“-ს გიორგი გახარია 4 წელია დაბლოკილი ჰყავს და პირდაპირ ეთერს უბლოკავს მის თანაპარტიელებსაც.

„[ტელეკომპანია] არ აშუქებს პარტიის საქმიანობას, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში, განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნების წინ, ის სისტემატურად და თითქმის ყოველდღიურად იწვევს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და აშუქებს მათ აქტივობებს.

ეს იმ ტრადიციების გაგრძელებაა, რასაც ამ ტელეკომპანიაში კარგად იცნობენ, რადგან ამ არხის დღევანდელ მენეჯმენტში მყოფი ადამიანების და ჟურნალისტების ნაწილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელისუფლებო რეჟიმს ემსახურებოდნენ და დღეს საკუთარი წარსულის დამალვას ცდილობენ მოქმედი რეჟიმის აგრესიული მსახურებით, რისი შეხსენებაც ხშირად ისტერიას იწვევს.

ტელეკომპანია „იმედისა“ და POS TV-სგან განსხვავებით, რომლებიც ღიად ატარებენ პრო-სამთავრობო პროპაგანდულ სარედაქციო პოლიტიკას, „რუსთავი2“ გუშინდლამდე ცდილობდა მოქალაქეების თვალში თავი ობიექტურ მედიასაშუალებად გაესაღებინა.

 გუშინ „რუსთავი 2“-მა, რეჟიმის შეკვეთით, ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, რომ ღიად ბლოკავს პარტია „საქართველოსთვის“ ეთერში გამოჩენას, რაც ამ ტელეკომპანიას არ გაუკეთებია არცერთი სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის - მათ შორის „ნაცმოძრაობის“ მიმართ.

აღნიშნული ნათლად აჩვენებს რეჟიმის პროპაგანდის ინტერესებს, რომლისთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის ღია ეთერებში გამოჩენა მათთვის პოლიტიკური საფრთხეების მატარებელია. ეთერის დაბლოკვის მიზეზად დასახელებულია კომიკური განმარტება, რომელიც ყველა სერიოზული ტელეკომპანიის იმიჯს დააზიანებდა, თუმცა რეჟიმმა „რუსთავი 2“ საბოლოოდ TV „იმედისა“ და POS TV-ს კლუბში გააფორმა.

„რუსთავი 2“-ის ეს პოლიტიკა ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, ვესაუბროთ ამომრჩეველს და უარყოფს მათ უფლებას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნულია ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრისგან, ანა ბუჩუკურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს პოლიტიკოსის იმ საჯარო განცხადების გამო, სადაც ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის „რეჟიმის მსახურად“ არის მოხსენიებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.