გახარიას პარტია სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას მოითხოვს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. პარლამენტის წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, 20 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი პალატიდან პირდაპირ ეთერში ატარებდა პარტიულ თათბირს, გასცემდა დავალებებს, ალაგებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელახალი გაერთიანების გეგმას და მოსამართლეს ის არ გაუჩერებია, რაც დარღვევაა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მართლმსაჯულებას პასუხები უნდა გასცეს, მათ შორის, იმაზე, თუ რატომ შეუვარდა სპეცრაზმით და დახურა იმ დროს ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია „იმედი“, სასამართლო სხდომაზე პალატიდან პირდაპირ ეთერში ატარებდა პარტიულ თათბირს, გასცემდა დავალებებს, ალაგებდა ნაციონალური მოძრაობის ხელახალი გაერთიანების გეგმას, უკრაინულ ენაზე აკეთებდა განცხადებებს, ანუ ლაპარაკობდა გარემოებებზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რისი უფლებაც მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არ აქვს და ასეთ დროს მოსამართლე მას უნდა აჩერებდეს. სანაცვლოდ, სააკაშვილის ეს წინასაარჩევნო აგიტაცია პირდაპირ ეთერებში გადაიცემა, მათ შორის, სააკაშვილისვე დარბეული ტელეკომპანია „იმედის“ საშუალებით“, - განაცხადა დაუშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, სრულფასოვნად მონაწილეობს ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში, რასაც კანონი უკრძალავს, მაგრამ ამის უფლებას „ქართული ოცნება“ აძლევს.

მიხეილ დაუშვილი

„ეს კამპანიური ხასიათის მოვლენაა, რომლის მიზანია, 2024 წლის არჩევნებისთვის ერთი მხრივ, დაშლილი „ნაცმოძრაობის“ გადარჩენა და მეორე მხრივ, სააკაშვილით და მისი „ნაცმოძრაობით“ საქართველოს მოქალაქეების მორიგი დაშინება.

მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად. ნუ ეხმარება  დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში. აცადოს სასამართლოს მართლმსაჯულების აღსრულება. შეწყვიტოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემატური დარღვევა და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ახალი წლების შემდეგ მაინც.

ხელისუფლებამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება და ნუ აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის და მონაწილეობის უფლებას“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

20 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ ჩაერთო და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. მესამე პრეზიდენტმა ოპოზიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, პოლიტიკური აქტიურობა და ერთობის კომიტეტის შექმნა შესთავაზა. ამასთან, მან თქვა, რომ მოქალაქეები უნდა დაირაზმნენ და უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნა მოითხოვონ.

კლინიკიდან ციხეში სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნას გამოეხმაურა თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე.

„მიხეილ სააკაშვილი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია, კარგად გამოიყურება. ალბათ, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა კალაძემ.

10 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დასაბრუნებლად საჭიროა ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია.

მიხეილ სააკაშვილს დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მესამე პრეზიდენტი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის - ე.წ. „პიჯაკების“ საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება, პუტინის ტყვეა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).