განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაური სამთავრობო ღონისძიებაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ბრალდებული ზურაბ ზვიადაური სამთავრობო ღონისძიებაზე

„ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრი (2012-2016 წლებში), ზურაბ ზვიადაური, რომელიც 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ გამართულ საზეიმო მიღებაში მონაწილეობდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოს ამბების“ არაერთი მიმართვის მიუხედავად, მთავრობის ადმინისტრაციაში არ განმარტეს, რატომ მიიწვიეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული ყოფილი დეპუტატი სამთავრობო ღონისძიებაზე;

სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ამით ხომ არ გამოხატეს ღია მხარდაჭერა ზვიადაურის მიმართ, მითუფრო მაშინ, როცა სისხლის სამართლის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ და თითქმის 20 თვეა, სასამართლო საქმის განსახილველად სავალდებულო ნაფიცი მსაჯულების რაოდენობის შეკრებას ვერ ახერხებს.

იურისტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, შეფასდეს ნაფიც მსაჯულებზე გავლენის მოხდენის მცდელობად.

ბრალდებულ ზვიადაურთან მიმართებით თელავის რაიონულ სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება აქვს მიღებული, როცა სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდების მიუხედავად, პირი, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს,  50 ათასი ლარის ოდენობით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის მოწმეებზე ზემოქმედების რისკები აღარ არსებობდა. ოფიციალურად პროკურატურამ თქვა, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, თუმცა იგი არ საჩივრდებოდა.

ზურაბ ზვიადაური ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რაც ქართული კანონმდებლობით დასჯადი არ არის.

ბრალდებულმა ზვიადაურმა მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

მსაჯულების შესარჩევად მომდევნო სასამართლო სხდომა 16 ივნისს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

პატიმრობიდან ზვიადაურის გასათავისუფლებლად სასამართლოს პირად თავდებობას სთავაზობდნენ მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ასევე, „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონში, სოფელ წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის შედეგად 3 ადამიანი მოკლეს - ზვიად ზვიადაური (ზურაბ ზვიადაურის ძმა), ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი. დაიჭრნენ ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 11 საათზე, ზვიად მაისურაძეს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ვახტანგ კვანტალიანთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რაშიც ჩაერთნენ ზვიად მაისურაძის ახლობლები - იქ მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილი, ლევან მაისურაძე და სხვები. ჩხუბით განაწყენებულმა ჯაბა ჯანგირაშვილმა მომხდარის შესახებ აცნობა მეგობარ ზვიად ზვიადაურს და სთხოვა დახმარება. ვახტანგ კვანტალიანი 17:00 საათისთვის დაიბარეს ჩხუბის მიზეზის გასარკვევად. დათქმულ დროს მითითებულ ადგილზე მივიდნენ ზვიად ზვიადაური, ვასილ ცოცხალაშვილი, ანზორ შამრელაშვილი და სხვები, მოგვიანებით ზვიად ზვიადაურის ძმა ზურაბ ზვიადაურიც.

ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

პროკურატურამ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ზურაბ ზვიადაურმა 27 წლის ნიკა კენჭოშვილს შურისძიების მოტივით ესროლა. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა გამოირიცხა და ამიტომაც აქვს მას ბრალად წარდგენილი განზრახ მკვლელობა“, – აცხადებდა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი.

„ჩემი შვილი ჭიათურიდან წინანდალში სამუშაოდ იყო ჩასული. ფიზიკურად მუშაობდა, მშენებლობაზე, რომ შემოსავალი ჰქონოდა. იქ ის მარტო არ ყოფილა. ვიცი, რომ ნიკას არ უსვრია პირველად. ნიკა უკვე დაჭრილი იყო, როცა იარაღთან მივიდა და თავისი ახლობლები დაიცვა. ჩემი შვილი იყო თავდაცვის რეჟიმში, ზვიადაური კი არა. მითხრეს, რომ ნიკას ზურგში დანა ჰქონდა ჩარტყმული, მე არ მაჩვენეს ჩემი შვილის ცხედარი“, - ამბობს წინანდლის ტყეში მოკლული 27 წლის ნიკა კენჭოშვილის დედა, ნანა კენჭოშვილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.