„გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს“ - შსს „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო AP

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, რატომ ვერ უზრუნველყო უწყებამ „პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხო გარემოში ჩატარება. როგორც მან თქვა, იმ ადგილას, სადაც დღეს ღონისძიება უნდა გამართულიყო, პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა „გაშლილ ტერიტორიაზე“ უსაფრთხოების „100%-ით დაცვა შეუძლებელია“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული. აქ იყვნენ შესაბამისი დანაყოფები, როგორიც არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, თუმცა, კონტრაქციის მონაწილეების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა. შესაბამისი კორდონები გვქონდა გზებზე, მაგრამ ვინაიდან ეს არის გაშლილი ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და პოლიციის კორდონები გაერღვიათ. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არანაირი დაზიანება არ მიუღიათ“, - განაცხადა დარახველიძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, შსს-მ რატომ არ გადაკეტა გზები მაშინ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფები ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ლისის ტბის მიმართულებით დაიძრნენ ან მათ წინააღმდეგ რატომ არ იქნა გამოყენებული სპეციალური საშუალებები - წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი - ისე, როგორც ეს, მაგალითად, მარტის აქციების დროს მოხდა, დარახველიძემ უპასუხა:

„დღეს მობილიზებული იყო პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის, თუმცა, მოგეხსენებათ, ყველა აქცია - შეუძლებელია 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მთლიანად იყოს დაცული განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამ რისკებზე, მაგრამ ხედავთ, რომ მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეებისა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული“.

დღეს, 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ, დახურული ღონისძიება - „პრაიდის ფესტივალი“ უნდა გამართულიყო, თუმცა მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად ჩაიშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფესტივალის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან მსვლელობით დაიძრნენ, ფესტივალის ტერიტორიამდე მისვლის შესაძლებლობა მისცეს. საჭირო გახდა ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ევაკუაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ ტერიტორია მიკროავტობუსებით დაატოვებინეს.

„პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლა ძალადობრივმა ჯგუფებმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დააანონსეს. მოქალაქეთა ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ და ვატო შაქარიშვილის მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. ფესტივალის წინააღმდეგ მსვლელობას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. მას შემდეგ, რაც მსვლელობის მონაწილეები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, იქაურობა დაარბიეს და ცისარტყელას დროშები დაწვეს.

ფესტივალის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.