დღეს, 10 მარტს, გერმანიის უდიდეს აეროპორტებში 24-საათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყო, რომელიც ტელეკომპანია Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ათასობით ავიარეისსა და ნახევარ მილიონზე მეტ მგზავრს შეეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
აეროპორტის ოპერატორებს, სახმელეთო სამსახურის თანამშრომლებსა და საავიაციო უსაფრთხოების მუშაკებს გაფიცვისკენ პროფკავშირმა Ver.di-მ მოუწოდა. პროფკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფიცვა აუცილებელია „დაახლოებით 25 000 თანამშრომლის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად“.
Ver.di-ის მოთხოვნებს შორისაა სახელფასო ანაზღაურების 8%-იანი, მაგრამ თვეში არანაკლებ 350 ევროთი გაზრდა, რთულ სამუშაოებზე დასაქმებულებისთვის დანამატების მომატება და თანამშრომლებისთვის დამატებითი დასვენების დღეების მიცემა.
გაიფიცა ბერლინ-ბრანდენბურგის, შტუტგარტის, კიოლნის/ბონის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, მიუნხენის, ჰამბურგის, მაინის ფრანკფურტის, ჰანოვერის, ბრემენის და ლაიფციგის/ჰალეს აეროპორტები. ვეზესა და კარლსრუეს/ბადენ-ბადენის აეროპორტებში გაფიცვისკენ მოუწოდეს მხოლოდ საავიაციო უსაფრთხოების თანამშრომლებს, რომლებიც მგზავრთა, პერსონალის, ტვირთისა და საქონლის კონტროლის ზონებში, ასევე მომსახურების განყოფილებებში მუშაობენ.
გერმანული აეროპორტების ასოციაციის (ADV) შეფასებით, გამოცხადებული გაფიცვის შედეგად 3400-ზე მეტი ფრენა გაუქმდება, რაც დაახლოებით 510 000 მგზავრს შეეხება.
„იძულებულნი ვართ განვახორციელოთ ეს გამაფრთხილებელი გაფიცვა, რადგან დამსაქმებლებს ჯერ არ გაუკეთებიათ რაიმე წინადადება საჯარო სექტორის მუშაკებისთვის კოლექტიურ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში და არ გამოუჩენიათ არანაირი სურვილი, დაეკმაყოფილებინათ ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნები. ეროპორტების თანამშრომლები ასრულებენ აუცილებელ სამუშაოებს საჰაერო მიმოსვლის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველსაყოფად და აკისრიათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ყველა მგზავრის უსაფრთხოებაზე. ისინი ასევე იმსახურებენ სამართლიან ანაზღაურებას და უკეთეს სამუშაო პირობებს“, - განმარტა კრისტინა ბელემ, Ver.di-ს ვიცე-თავმჯდომარემ.
მოლაპარაკებები საჯარო სექტორში დასაქმებული თითქმის 2.5 მილიონი ადამიანისთვის კოლექტიურ სახელფასო შეთანხმებაზე მიმდინარეობს. გასულ თვეში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი წარუმატებლად დასრულდა. ფედერალურმა მთავრობამ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა განაცხადეს, რომ პროფკავშირის მოთხოვნების შესრულება ფინანსურად შეუძლებელია.
