რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „არასასურველი“ ორგანიზაციების რეესტრში შეიყვანა „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle), რომელიც გერმანიის ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა არ არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მედიაკომპანია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
DW-ს გენერალურმა დირექტორმა, ბარბარა მასინგმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ჟურნალისტებს „არ შეაშინებს“.
„რუსული რეჟიმის მიერ თავისუფალი მედიის გაჩუმების ეს მორიგი მცდელობა აჩვენებს, თუ რამდენად ნაკლებად სცემს ის პატივს სიტყვის თავისუფლებას და რამდენად ეშინია დამოუკიდებელი ინფორმაციის.
რუსეთის მთავრობის მიერ ცენზურისა და ბლოკირების მიუხედავად, Deutsche Welle-ს რუსულენოვან სამსახურს უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე ადრე.
ჩვენ გავაგრძელებთ დამოუკიდებელ ჟურნალისტურ გაშუქებას - უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის და სხვა თემების, რის შესახებაც ინფორმაცია რუსეთში ძლივს არის ხელმისაწვდომი, რათა ხალხმა საკუთარი აზრის ჩამოყალიბება შეძლოს“, - განაცხადა DW-ს გენერალურმა დირექტორმა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების კომენტირებისას.
Deutsche Welle-ს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გერმანიის მთავრობამ მკაცრად დაგმო.
2022 წლის მარტში, DW რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოურ აგენტად“ გამოცხადდა. ეს სტატუსი რუსეთში ენიჭებათ ფიზიკურ პირებს, მედია საშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსებას.
როგორც DW აცხადებს, „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადება მედიაკომპანიის წინააღმდეგ შეზღუდვების კიდევ ერთ გამკაცრებას წარმოადგენს.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ 2024 წლის ივლისში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საშუალებას იძლევა, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებლები ან მონაწილეები უცხო ქვეყნის სამთავრობო უწყებები არიან, „არასასურველ“ ორგანიზაციად გამოცხადდეს. „არასასურველ ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობა სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც მაღალი ჯარიმებით და თავისუფლების აღკვეთითაც კი ისჯება. რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება ასეთ „თანამშრომლობად“ მიიჩნიოს „არასასურველ“ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული ჟურნალისტური მასალების გავრცელება სოციალური მედიის საშუალებით. „არასასურველ ორგანიზაციებთან“ თანამშრომლობის აკრძალვა ფედერაციის ფარგლებს გარეთ მყოფ რუსეთის მოქალაქეებზეც ვრცელდება.
„არასასურველ“ ორგანიზაციათა რეესტრში უკვე 290 ორგანიზაციაა შეყვანილი, მათ შორის არიან რუსულენოვანი მედიასაშუალებები - ტელეარხი „დოჟდი“ და ონლაინგამოცემები „ნოვაია გაზეტა.ევროპა“ და „მედუზა“, ასევე, „რადიო თავისუფლება“, საგამოძიებო პორტალი Bellingcat და საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.
