დღეს, 25 თებერვალს, თბილისში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრის წლისთავთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები და 102 წლის წინანდელი ოკუპაცია „ტრაგიკულ მოვლენად“ არის შეფასებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის - ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება. ამავე დროს, 25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ. ჩვენი დღევანდელი თავისუფლება მათი დამსახურებაა, ვინც საკუთარი თავგანწირვით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ საბოლოოდ ყოველთვის სიმართლე და ღირსება იმარჯვებს. დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთამაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისკენ“, - ნათქვამია მთავრობის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პრემიერ-მინისტრის განცხადების ქვეშ ასობით კრიტიკული კომენტარი დატოვეს. მათი ნაწილი ამბობს, რომ კომენტარები წაუშალეს:
„რამდენჯერაც უნდა წამიშალოთ დავწერ: რუსეთი ოკუპანტია. ქართველი ხალხი ყველაფერზე წავა, მაგრამ ამ ქვეყანაში რუსეთის ბატონობას არ დაუშვებს“;
„რუსეთი მტერია! სირცხვილია იუნკრების წინაშე მშიშარა მთავრობა, რუსეთის სახელსაც კი რომ ვერ ახსენებს ფბ პოსტში“;
„საკუთარი მოქალაქეებისთვის კომენტარის წაშლა სირცხვილია, რუსეთი კი - ოკუპანტი. საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი თავის მოქალაქეებს კომენტარებს უშლის. როგორ დავეშვით ამ დონემდე“;
„ამოღერღე ირაკლი, რომ რუსეთი ოკუპანტია. ნუ გეშინია“;
„დღესაც და მაშინაც რუსეთი იყო და არის იმ „ტრაგიკული მოვლენის“ შემოქმედი რაც ახსენეთ! სირცხვილია! #რუსეთიოკუპანტია“;
„ადმინს სამუშაო საათები დაუმთავრდა?! დილის შემდეგ, ბოლო ერთ საათში დაწერილი ყველა ჩემი კომენტარი ადგილზეა. ჯვარი სწერია“.
დღის ბოლოს, მთავრობის ადმინისტრაციასთან პარტია „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით აქცია სახელწოდებით „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლების „კრემლთან კოლაბორაციონიზმი“ გააპროტესტეს.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საბჭოთა ოკუპაციის დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც გამოეხმაურა:
„1921 წლის ამ დღეს, საკუთარი თანამემამულეების „დაცვის“ მოგონილი მიზეზით, თბილისში საბჭოთა რუსეთის წითელი არმია შემოიჭრა. მათი განზრახვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამხობა იყო. ამ ქმედებით დაირღვა 1920 წლის მოსკოვის ხელშეკრულება, რომლითაც საბჭოთა რუსეთი პირობას დებდა, პატივი ეცა საქართველოს სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევისთვის. ამას მოჰყვა საბჭოთა ოკუპაციის შვიდი ათწლეული, რომლის განმავლობაშიც საქართველომ დაკარგა უამრავი მოქალაქე, ვინც ტირანიის წინააღმდეგ ხმის ამოღება გაბედა.
წელს აშშ-ის საელჩო 25 თებერვლის წლისთავში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს, ვინაიდან რევანშისტული რუსეთი აგრძელებს საკუთარი მეზობლების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას.
ევროატლანტიკური საზოგადოება არის ერთიანი და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წინ აღვუდგეთ რუსულ აგრესიას და მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.
აშშ-ის საელჩო ციტირებს საქართველოს ეროვნული გმირის, პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სიტყვებს: „არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არა კვდებოდა“.