ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა - კორუფციის შემთხვევები, რაშიც მას ამხელდნენ

„ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა და პოლიტიკიდან გავიდე. საკუთარი ქვეყნის სამსახური სხვა პოზიციიდან განვაგრძო“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მან ტრადიციულად მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს:

„რა თქმა უნდა, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვების, მთავარი მონაპოვრის, ღირებულებების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება. ვრჩები როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მსურს, მადლიერება გამოვხატო ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობიდან მემსახურა საქართველოსთვის. წარმატებას ვუსურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს და დიდ გუნდს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მას ჰკითხეს, რატომ არ ახსენა ირაკლი კობახიძე.

„ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ლიდერია. ჩემს განცხადებაში არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩამომეთვალა ყველა ეს ლიდერი... რატომ ფიქრობთ, რომ უნდა ჩამომეთვალა თითოეული მათგანი?! ეს არის დამაკნინებელი კითხვები, თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ პრემიერ-მინისტრის მუშაობას. მინდა გითხრათ, პრემიერ-მინისტრის საქმიანობა, პირველ რიგში, უნდა შეაფასოს ხალხმა“, - თქვა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ პოლიტიკაში ოპოზიციური პარტიით დაბრუნდეს, ღარიბაშვილმა უპასუხა:

„არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ პოლიტიკაში კიდევ დავბრუნდე, გამორიცხული არაფერი არ არის. თუ მეკითხებით იმას, რომ დღეს იმიტომ გადავდექი, რომ რაღაც ოპოზიციური პარტია შევქმნა, ეს არის სისულელე და ტყუილი“.

ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ პრემიერ-მინისტრი, მერე თავდაცვის მინისტრი, შემდეგ ისევ პრემიერ-მინისტრი და ბოლოს პარტიის თავმჯდომარე.

საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო, დასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ უკვე 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა. მათ შორის არ არის ირაკლი ღარიბაშვილი.

ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ღარიბაშვილმა საკუთარი თავი და ოჯახი გადაარჩინა სანქციებისგან.

„ეს თავის და იმ მილიონების გადარჩენის მცდელობაა, რომელიც წლების მანძილზე „ქართული ოცნების“ სახელით ქართველ ხალხს მოპარა. ასევე, სურვილი, რომ მას და მის ოჯახის წევრებს შეეძლოთ დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში შესვლა, მოგზაურობა, სწავლა-განათლება, ცხოვრება, ეს არის რეალურად მისი პოლიტიკიდან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობიდან წასვლის მიზეზი“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.

„ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და კრიზისს, რომელშიც „ქართული ოცნებაა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღრიცხული აქვს ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევები.

ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორბლის მოყვანის ბიზნესში ჩართული რამდენიმე პირი ზეწოლაში, ძალადობაში და ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს ზურაბ გონაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავს.

ღარიბაშვილის ცოლის ძმის ჰესების ბიზნესი

პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, მთავრობის სამი განკარგულებით მაშავერას ხეობაში, ჰესების ასაშენებლად, 11 ჰა მიწა 49 წლით გადაეცა კომპანია შპს „მომავლის ენერგიას“, რომლის მეწილეც მეორე დღეს გახდა ალექსანდრე თამაზაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი. ჰესების მშენებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ნაქალაქარს და ხეობის ისტორიულ ძეგლებს. საინტერესოა, რომ მთავრობასა და კომპანიას შორის ჰესების მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მოეწერა.

ღარიბაშვილის სიდედრის ქონება

ბაკურიანში ირაკლი ღარიბაშვილის სახლის მიმდებარედ 930 კვ.მ მიწა პრემიერის პენსიონერმა სიდედრმა, მაია პაპიაშვილმა, 150 000 დოლარად იყიდა. ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის ტერიტორიაზე პრემიერის დაცვა პატრულირებს და გადაადგილებას კრძალავს. ჩნდება ეჭვი, რომ ტერიტორია უკანონოდ პრემიერის ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაშია.

სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენება

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა და შვილი სასწავლებლად სამთავრობო თვითმფრინავით 19 აგვისტოს წაიყვანა თბილისიდან მიუნხენში. ერთი კვირის განმავლობაში თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში ამერიკაში მყოფ პრემიერ ელოდებოდა, რომელიც უკან თბილისში, ამავე თვითმფრინავით 28 აგვისტოს დაბრუნდა. ფრენის ნამდვილობა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მფლობელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა.

მოგვიანებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის მგზავრობა სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავით თბილისიდან მიუნხენამდე და უკან 34 000 ევრო დაჯდა და აღნიშნული თანხა პრემიერ-მინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. კითხვებს ბადებს ამ თანხის წარმომავლობაც, რადგან პრემიერის მამა პენსიონერია და მსგავსი თანხის გადახდა არ უნდა შესძლებოდა.

პრემიერ-მინისტრის საგვარეულო მამულის გაფართოება და დაუსაბუთებელი ქონება

„ტვ პირველის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, როგორ გაიზარდა 2012 წლიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საგვარეულო მამულები დედოფლისწყაროში. პრემიერად დანიშვნის შემდეგ მამულის ფართი 4-ჯერ გაფართოვდა და 6 126 კვ.მ მიაღწია. 2023 წლის 27 მარტს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა 1339 კვ.მ-ში 5000 ლარი, კვ. მ მიწაში - 3.37 ლარი გადაიხადა, რაც საბაზრო ფასზე 15-ჯერ ნაკლებია, რაც აჩენს ეჭვებს სავარაუდო არალეგალური შემოსავლის ლეგალიზებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გამოძიების თანახმად, პრემიერის ოჯახის მიერ გალავნით შემორტყმული ტერიტორიის ნაწილი, მათ არ ეკუთვნით და უკანონოდ არის მითვისებული.

პრემიერის პენსიონერმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა 2023 წლის თებერვალში ღვინის ქარხნის წილი იყიდა, მარტში - მეზობლის სახლ-კარი და მიწა, ხოლო 2021-2022 წლებში შვილს 300 000 ლარი აჩუქა. შვილის გაპრემიერების შემდეგ მან ჯამში 27 494 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებიც შეიძინა.

როგორც ოფიციალური პირები იუწყებიან, პრემიერს ჩარტერული რეისის 100 000 ლარიც მამამ დაუფინანსა. ამასთან, ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ პრემიერის ოჯახი კახეთში შატოსაც ფლობს. პრემიერის მამამ ააშენა კომპლექსი 3 ნაგებობით, 27 494 კვ. მ ტერიტორია ლითონით შემოღობა. ღარიბაშვილის შატოსკენ მიმავალი გზის მონაკვეთი კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააგო. კიდევ ერთი გამოძიებით ნაჩვენებია, რომ ტარიელ ღარიბაშვილი მისი შვილის გაპრემიერებამდე არც მილიონერი იყო და არც მნიშვნელოვან ქონებას ფლობდა.

სავარაუდო კორუფცია რთველის სუბსიდირების პროგრამაში

2021 წელს მთავრობის მიერ რთველის სუბსიდირებაზე დახარჯული 138 მილიონი ლარიდან სუბსიდიების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიღეს მმართველი პარტიის შემწირველმა და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფმა კომპანიებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვამ.

ღარიბაშვილის მიერ უფლებამოსილების სავარაუდოდ ბოროტად გამოყენება სახელმწიფო ქონების მითვისების მიზნით

„ტვ პირველის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდოდ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებამოსილება, რათა ბაკურიანში მისი სახლის მომიჯნავედ არსებული 6 ათას კვ.მ-მდე ფართობის ტყე 49 წლით სარგებლობაში გადაცემულიყო მისი მეუღლისთვის, ნუნუ თამაზაშვილისთვის. ტყის გაფორმებიდან დაახლოებით 1 წელში ტერიტორია მავთულხლართებითაა შემოღობილი, ხელშეკრულებით ნაკისრი მოთხოვნების საპირისპიროდ.

ღარიბაშვილის სავარაუდო უკანონო გამდიდრება

ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა ძვირადღირებული საათების კოლექცია, რომლის ღირებულებაც ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს, რაც უკანონო გამდიდრების ნიშნებზე მიუთითებს.

არცერთი ეს შემთხვევა გამოძიებული არ არის. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.