გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი დააკავეს

28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია დააკავეს. მერაბ მალანია შს მინისტრის მოადგილე 2016-2019 წლებში იყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მალანია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. „დგინდება, რომ ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას  გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა“, - განაცხადეს შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ლანჩხუთში დაადგნენ ბავშვს თავზე და დაიჭირეს. ერთადერთი ზარის გამო შეიძლება ბავშვი ციხეში 15 წლით ჩაჯდეს? გამოკითხვაზე იყო ბევრჯერ აქამდე, დაკითხეს პროკურატურაში და არაფერი არ იყო მის წინააღმდეგ და არ ვიცი, რომ ასე შეტრიალდა საქმე“, - ამბობს დაკავებულის ბიძა, კოტე მალანია.

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, სწორედ მერაბ მალანიას შვილმა გიორგი მალანიამ მისცა გიგას მისამართი ალექსანდრე გაბაშვილს, რომლის თავდასხმის შედეგადაც გიგა გარდაიცვალა.

„რომ არა გიორგი მალანია, შესაძლებელია დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი ყოფილიყო, რადგან ნია იმნაძე ამ ყველაფერს სისრულეში მაინც მოიყვანდა თავის მკვლელ შეყვარებულთან ერთად, მაგრამ საქმე ისაა, რომ გიგა მოკლეს 1-ელ ოქტომბერს, 2 ოქტომბერს ჩემი დაბადების დღე იყო და სავარაუდოდ, ჩვენ ერთად წავიდოდით სახლში. გიორგი მალანიამ დააჩქარა გიგა ავალიანის მკვლელობა და კიდევ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, გიორგი მალანია არის საქართველოში ყველაზე საშიში პიროვნება იმიტომ, რომ გიორგი მალანია სახეში უყურებდა გიგას, მან იცოდა, რომ გიგას წუთები დათვლილი იყო. მან იცოდა, რომ მასწავლებელს მხოლოდ რამდენიმე წუთის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ბოლო მითითებები, ზუსტად არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ

ბოლო მითითებები მან ალექსანდრე გაბაშვილს მისცა მამასთან ერთად. ის იჯდა მამასთან ერთად მანქანაში, როცა ბოლო დეტალებს აწვდიდა ალექსანდრე გაბაშვილს.

გაკვეთილზეც უპასუხა ალექსანდრე გაბაშვილს, სავარაუდოდ, იმ დროს გიგა ჩაის გასაკეთებლად იყო გასული და გაკვეთილზე ბავშვებთან ერთად ესაუბრა მკვლელს“, - განუცხადა ეკა კუპატაძემ „ტვ პირველს“.

ორი დღის წინ, გიგა ავალიანის დედა ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდა და ივანიშვილის ცოლს, ეკატერინა ივანიშვილს ვიდეოს საშუალებით მიმართა:

„...მე დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლთან კი არა, მისი შვილების დედის სახლთან მოვედი. 4 შვილის გამზრდელი დედის სახლთან მოვედი, სადისტურად შვილმოკლული დედა. ღმერთმა თქვენ ის სიმწარე არ გამოგაცდევინოთ, რაც მე გავიარე. გონებით უნდა გამომყვეთ და მიხვდეთ, რა სიგიჟეში ვარ მე დღეს, რამ მომიყვანა მე დღეს აქ.

თქვენ უნდა გადადგათ ისტორიული ნაბიჯი და ამომიდგეთ გვერდით, როგორც დედა გამწარებულ დედას. ველოდები თქვენგან უკუკავშირს. მე მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც მე ოდნავ მაინც შემატორტმანებს და უკან დამახევინებს, იმიტომ, რომ უკან არის ჩემი შვილის საფლავი და მე იმას არ გადავაბიჯებ. გთხოვთ, დამიდექით გვერდით.

ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად რეზონანსული საქმე საქართველოში, როგორც არასდროს ისე არის საზოგადოება ერთსულოვანი, გონება მოჭიმული, აკვირდება ყველაფერს გამადიდებელი შუშით და ახლა პატარა შეცდომაც კი სახელმწიფოს ღირსებაზე არ იმოქმედებს კარგად. მე ველოდები თქვენგან უკუკავშირს და დარწმუნებული ვარ ეს იქნება სამართლიანი და კეთილგონივრული. მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე“,- თქვა კუპატაძემ.

ივანიშვილის მეუღლემ შვილმოკლული დედის მიმართვას მეორე დღესვე უპასუხა. როგორც ეკატერინა ივანიშვილმა განაცხადა, იმედი აქვს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი.

„ქალბატონო ეკა, მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა, იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია.

რაც შეეხება ჩემდამი თქვენს მოწოდებას:

როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

როგორც დედა - დედას, როგორც ქალი - ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს“, – ნათქვამია ეკატერინა ივანიშვილის წერილში.

28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვანთა თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. ინციდენტი 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს მოხდა. დაზარალებული 23 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. საქმეზე ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ გრძელდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.