გიორგი გახარიას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ე.წ. ჩორჩანის საგუშაგოს საქმეზე. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გიორგი გახარიას თანაპარტიელისა და ადვოკატის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქმე პოლიტიკურია და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

„გიორგი გახარიას კი არა, საქართველოს ედავებიან. ეს საქმე იქნება პრეცედენტი, რომელსაც ნახავთ, როგორ გამოიყენებს ცხინვალის საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმი. [...] დღეს რაც ხდება, არის საქართველოს ეროვნული ინტერესების განგრძობადი, შეუქცევადი დაზიანება“, - განაცხადა სიჭინავამ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, გახარიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე პროკურატურის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.

„ძირითადი აქცენტი გააკეთეს მიმალვის საფრთხეზე მაშინ, როდესაც პროკურატურას ამ საქმესთან დაკავშირებით გიორგი გახარია არცერთხელ არ დაუბარებია გამოკითხვაზე. გიორგი გახარია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მივიდა - ერთხელ, მეორედ, გამოძიების მიერ დაკითხულია 20 ივნისის საქმეზე - ერთხელ, მეორედ. შესაბამისად, საუბარი მიმალვის საფრთხეზე და აბსტრაქტული დასაბუთება, თითქოს, გიორგი გახარია მიიმალებოდა და ვინმეს დაემალებოდა, ვერ უძლებს კრიტიკას“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

გიორგი გახარიას 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „ქართული ოცნების“ გენერალური პროკურატურამ მის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა - 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისა და საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით.

როგორც გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, 2019 წლის 24 აგვისტოს, იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ„ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ“, რითაც „განზრახ გადაამეტა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს“.

რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, პროკურატურის მტკიცებით, 2019 წლის 20 ივნისს, გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს „ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას“.

გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება. პროკურატურა მასზე ძებნას გამოაცხადებს.

 

ამ თემაზე:

სიჭინავა: ქართულ მხარეს მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რომ გახარიას ვინმე გადმოსცემს 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.