„ეს ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა. დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი არის დროებით ოკუპირებული, მაგრამ ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მიზანი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში, შინდისის გმირების მემორიალთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან მომხდარი ბრძოლიდან დღეს 15 წელი გავიდა. ბრძოლის დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ღარიბაშვილის თქმით, მათ დატოვეს უზარმაზარი გმირობის, თავდადების და თავგანწირვის მაგალითები, რომლებზეც მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს.
„ძალიან ბევრი დეტალი გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც შინდისის ბრძოლა გაიმართა, როგორი თავდადება გვაჩვენეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე და მათ ოჯახებს, მინდა, კიდევ ერთხელ, მთავრობის სახელით, მადლობა გადავუხადო ასეთი გმირების გაზრდისთვის. იცით, რომ ვრცელდებოდა ინფორმაციები, მტერს, მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა განცდა იმისა, რომ აქედან მთელი დივიზიონი ებრძოდა, ამ დროს 17 კაცი, ერთ ოცეული იბრძოდა თავგანწირვით. ეს არის მაგალითი ქართველობის, გაუტეხელი სულის, სიმამაცის, ვაჟკაცობის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო და კიდევ ერთხელ უწოდა მოღალატე: „გახსოვთ თვითმფრინავის ხმის გამო გაქცეული სააკაშვილი. მაშინ, როდესაც გმირები აქ თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული, შეშინებული სახით ნახა მთელმა მსოფლიომ. ეს რაზე მიგვითითებს, რომ ჩვენი ლომი ბიჭები, ლომების არმია იბრძოდა თავგანწირვით, თავდადებით და ამ დროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა“.
შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. 2021 წელს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს, რომელმაც ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა და ცოცხალი არ ჩაბარდა მტერს, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა.