4 ივნისს, გვიან საღამოს, გორში პოლიციამ დააკავა ბიზნესმენი, „რესტო ბარის“ მფლობელი იოსებ ბაბაევი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის საწინააღმდეგო და ანტირუსულ აქციებში, თბილისსა და გორში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„როგორც მომიყვა, გორის შემოსასვლელში, ავტობანიდან როცა გადმოუხვია ქალაქში, უცხო მანქანა აედევნა და არ აძლევდა მოძრაობის გაგრძელების საშუალებას. ამასობაში პოლიციელებიც მივიდნენ. მითხრა, მანქანის ფანჯრებს მიმტვრევდნენ და მე თვითონ გადმოვედი, რომ მეკითხა, რა ხდებოდაო. მანქანიდან გადმოსვლისთანავე სალონში ცეცხლსასროლი იარაღი ჩამიდეს და ავტომატი ავტომობილის საბარგულშიო. გარკვეული დროის შემდეგ დაიწყეს ჩხრეკა და გადაღება, თითქოს იარაღი აღმოაჩინეს“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ იოსებ ბაბაევის ადვოკატმა კახა კალმახელიძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.
„ხელზე და თავზე ნაჭდევები, სისხლჩაქცევები აქვს. მითხრა, რომ დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორნენ, ნაცემია. ტანსაცმელი ბოლომდე შემოახიეს. სავარაუდოდ, იარაღზე რომ მისი დნმ აღმოჩენილიყო, იღლიაში, თავზე, ხელთათმანიან ხელებს მისვამდნენო.
ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეს იარაღი იოსებ ბაბაევს ავტომანქანაში არ ჰქონია. დაკავებას პირდაპირ უკავშირებს მის აქტივობას. დაკავებისას პოლიციელები სწორედ ამ აქტივობას ასახელებდნენ და ეუბნებოდნენ, რატომ დგას მათ [რუსული კანონის მოწინააღმდეგეების] გვერდით და ა.შ“, - ამბობს ადვოკატი.
იოსებ ბაბაევი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გვიან ღამით პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ბაბაევის საცხოვრებელ სახლშიც, სადაც დაკავებულის მეგობრების ინფორმაციიოთ, კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვეს. „ეს უკავშირდება ჩვენს აქტიურობას, რომ ამ არარაობა ხელისუფლების წინააღმდეგი ვართ. მე მისი მეგობარი ვარ და სოსოს იარაღი არ ჰქონია. ვიდრე რუსული კანონი ძალაში შევა, მაქსიმალურად ცდილობენ დააშინონ და თავიდან მოიშორონ ის ხალხი, ვინც მისი აქტიური მოწინააღმდეგეა“, - თქვა დაკავებულის მეგობარმა შოთა ხარიბეგაშვილმა.
იოსებ ბაბაევს „რესტო ბარის“ შესასვლელში აბრა აქვს განთავსებული, რომ რესტორანში შესვლას უკრძალავს მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს - მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.
რესტორნის შესასვლელში ასევე განთავსებულია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, იოსებ ბაბაევი აქტიურად მონაწილეობდა ჰუმანიტარული დახმარების პროცესში. ის ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელებისთვის საჭირო პროდუქტსა და ნივთებს საქართველოში აგროვებდა და უკრაინაში ჩაჰქონდა.
ბაბაევის კუთვნილი რესტორანი ქალაქის ცენტრში და ტურისტულად ხალხმრავალ ადგილზე მდებარეობს.