ჩეჩნეთში თავს დაეხსნენ რუს გამომძიებელ ჟურნალისტს, გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ თანამშრომელ ელენა მილაშინას და ადვოკატ ალექსანდრ ნემოვს, რომლებიც გროზნოში, ერთ-ერთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე დასწრების მიზნით ჩავიდნენ. გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ მილაშინას თავი აქვს გადაპარსული და ბრილიანტის მწვანე უსვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„წამების წინააღმდეგ ჯგუფის“ ინფორმაციით, თავდასხმა დილით, გროზნოს აეროპორტის გზაზე გადაადგილების დროს მოხდა. ჟურნალისტსა და უფლებადამცველს სამი ავტომობილით გადაუღობეს გზა და შეიარაღებული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ნიღბიანმა ადამიანებმა ორივეს სასტიკად სცემეს, ემუქრებოდნენ, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღით. ალექსანდრ ნემოვი ფეხში ბასრი საგნით, შესაძლოა, დანით დაჭრეს. ორივეს სცემდნენ ხელებით, ფეხებით, ახსენებდნენ მათ საქმიანობას, იმას, რის შესახებაც ელენა მილაშინა წერდა. აშკარაა, რომ ეს ბანდიტური თავდასხმა კი არა, მათი საქმიანობის გამო თავდასხმაა“, - განაცხადა გროზნოში „წამების წინააღმდეგ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, სერგეი ბაბინეცმა.
მილაშინამ და ნემოვმა გროზნოს საავადმყოფოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. სერგეი ბაბინეცის ინფორმაციით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ჩრდილოეთ ოსეთში, ბესლანის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
მომხდარის შესახებ წერს „ნოვაია გაზეტაც“. მათი ინფორმაციით, ნიღბიანმა თავდამსხმელებმა მილაშინასა და ნემოვს მობილური ტელეფონები წაართვეს და მათ განბლოკვას ითხოვდნენ, გაანადგურეს მათი კუთვნილი ტექნიკა და დოკუმენტები. „ნოვაია გაზეტას“ თანახმად, ელენა მილაშინას თავის ტვინის ტრავმული დაზიანება აღენიშნება და მოტეხილი აქვს ხელის თითები. მან რამდენჯერმე დაკარგა გონება.
ელენა მილაშინა წლების განმავლობაში ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე წერს და არაერთხელ გამხდარა რამზან კადიროვის მუქარის სამიზნე. 2022 წლის თებერვლის დასაწყისში მილაშინამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუქარის გამო იძულებული იყო, რუსეთი დაეტოვებინა.
საქმე, რომელთან დაკავშირებით დღეს გროზნოს სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა და რომელიც მილაშინას უნდა გაეშუქებინა, ზარემა მუსაევას გატაცებას ეხება. 2022 წლის 20 იანვარს ჩეჩნეთის უშიშროების ძალები ნიჟნი ნოვგოროდში, ჩეჩნეთის უზენაესი სასამართლოს გადამდგარი მოსამართლის, საიდი იანგულბაევის ბინაში შეიჭრნენ და მისი ცოლი ზარემა მუსაევა ჩეჩნეთში ძალით წაიყვანეს. მუსაევას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პოლიციელზე თავდასხმის და თაღლითობის მუხლებით აღიძრა. დღეს ის დამნაშავედ ცნეს და 5.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჩეჩნეთის ხელისუფლება იანგულბაევებს უკავშირებს მოძრაობა 1ADAT-ის საქმიანობას, რომელიც კადიროვს ღიად აკრიტიკებს. ზარემა მუსაევას ოჯახის წევრები - მეუღლე და შვილები რუსეთის ფედერაციიდან წასულები არიან.