ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ-ს აშფოთებს რუსული კანონის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ე.წ. აგენტების რეესტრში ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა. სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებას არ გამორიცხავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„საქართველოს მთავრობა აგრძელებს სვლას ღრმად, ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით, რომელიც აშორებს ქვეყანას ევროატლანტიკურ ტრაექტორიას, რაც ქართველ ხალხს, როგორც ვიცით, ასე ძალიან სურს. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ამ კანონმდებლობის აღსრულებით იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდნენ, კრიტიკული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩათვლით“, - განაცხადა მილერმა 3 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მას ჰკითხეს, აქვს თუ არა რაიმე სიახლე ამ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტული ქართველი მაღალჩინოსნებისთვის აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ.
მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა, სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათობით მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებსა და კერძო მოქალაქეებს. ასევე, აშშ-მა შეაჩერა 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც მილერის თქმით, „უშუალო სარგებელს აძლევდა საქართველოს მთავრობას“.
„კითხვის მეორე ნაწილის საპასუხოდ - ეს გადახედვა გრძელდება. არ გამოვრიცხავ შემდგომ ქმედებებს“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებებს „გლობალურ ომის პარტიას“ უკავშირებს.
„გლობალურ ომის პარტიას აქვს სერიოზული გავლენა კონკრეტულ სტრუქტურებზე, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში - სამწუხაროდ, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტზე და შესაბამისად, ჩვენ გვესმის ასეთი გზავნილები, რაც ძალიან სამწუხაროა.
ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და მთავარია, რომ ქვეყანა, არ აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა“, - განაცხადა კობახიძემ.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საფუძველზე შექმნილ სპეციალურ რეესტრში იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა, რომლებსაც შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან აქვთ მიღებული, 2 სექტემბერს ამოიწურა. 3 სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტს უფლება აქვს, შეამოწმოს და დააჯარიმოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაციაზე უარი თქვა. იუსტიციის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელად“ ნებაყოფლობით 476 ორგანიზაცია დარეგისტრირდა.