„ჩემი ქვეყანა და ხალხი ახლა გზაგასაყარზე დგას - საქართველო ან გააგრძელებს თავის სწრაფვას, გახდეს თავისუფალი და ერთიანი ევროპის ნაწილი, ან კიდევ ერთხელ გახდება რუსეთის უკანა ეზო, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. ქართველი ხალხის არჩევანი ნათელია: ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას. ჩვენ საქართველოს მომავალს ევროკავშირსა და ნატოში ვხედავთ“, - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, აშშ-ის კონგრესში, სადაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ჩხიკვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებით, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, აღმართავს კედელს საქართველოსა და დასავლეთს შორის.
„ეს კანონი სრულად წაშლის კრიტიკულ ხმებს და გაანადგურებს ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ქვეყანაში აშენდა წლების განმავლობაში, ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. კანონი ეწინააღმდეგება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომლის მიზანია დამოუკიდებელი მედიის, გამოხატვის თავისუფლების და ობიექტურ ინფორმაციაზე წვდომის გაძლიერება.
ხუთ თვეზე ნაკლებ დროში საქართველოში უმნიშვნელოვანესი არჩევნები გაიმართება. არის დიდი საფრთხე იმისა, რომ ეს არჩევნები ჩატარდება კრიტიკული მედიის, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე. კანონი სამოქალაქო აქტივისტებს წარმოადგენს ქვეყნის მოღალატეებად და უცხოეთის აგენტებად და მმართველი პარტიის მიერ გამოიყენება იმ ორგანიზაციებისა და პირების დისკრედიტაციისთვის, რომლებსაც შეუძლიათ სხვაგვარად დაიცვან საქართველოს დემოკრატია ოქტომბერში“, - განაცხადა ჩხიკვაძემ.
მისი თქმით, კანონის ფორმალურად ძალაში შესვლამდეც, მშვიდობიანი აქციების მრავალი მონაწილე აღმოჩნდა სახელმწიფოს მიერ წახალისებული ტერორის წინაშე, ასობით მშვიდობიანი მომიტინგე დააკავეს და სცემეს, აქტივისტების სახლებთან აკეთებენ წარწერებს „ხალხის მტერი“, „აქ ცხოვრობს აგენტი“. ვანო ჩხიკვაძემ აღნიშნა, რომ „ასეთი ქმედებები სრულად არის შეწყალებული ან წახალისებულიც კი მმართველი პარტიის მიერ“.
მისი თქმით, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ოლიგარქი და „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც 29 აპრილს, ბოლო გამოსვლის დროს, ღიად დაემუქრა სამოქალაქო საზოგადოებას და „ქართული ოცნების“ ოპონენტებს რეპრესიებით.
„მმართველი პარტია ძირს უთხრის საქართველოს მომავალს დასავლეთის დემოკრატიული ღირებულებების მიმართ მტრული დამოკიდებულების ზრდითა და სახელმწიფო ინსტიტუტების - სასამართლოს, სამართალდამცავი ორგანოების, პროკურატურის და ა.შ. - მიტაცებით. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს ყველა ხელისუფლება იღწვოდა ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის, აშშ-სთან მჭიდრო კავშირებისთვის. მმართველი პარტია არის ერთადერთი მთავრობა, რომელიც მიდის ხალხის ნების წინააღმდეგ და ახლა ცდილობს მათ დაჩაგვრას დასავლურ დემოკრატიასთან დაახლოების სურვილის გამო.
ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა თავის მომავალს ხედავს ევროპაში, დასავლელ მეგობრებთან და აშშ-სთან ერთად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ჩვენ ვიცით, რომ ვიბრძვით ჩვენი წინაპრების გამო და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ამ ბრძოლაში მარტონი არ ვართ. ვაფასებთ, რომ ჩვენს გვერდით დგანან დასავლელი მეგობრები და მოკავშირეები. ვაფასებთ ახლახანს ინიცირებულ კანონს „MEGOBARI Act“ და იმედი მაქვს, რომ ეს კანონმდებლობა მალე იქნება მიღებული. ყველა წუთი მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიისგან საქართველოს მიბრუნების შეჩერებას. ფსონები ძალიან დიდია საქართველოსთვის, ქართველებისთვის და ჩვენი მეგობრებისთვის. ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება, თუ საქართველოს მეგობრები ახლა არ იმოქმედებენ. ჩვენ ვაფასებთ ყველა ვიზიტს, ყველა განცხადებას, ყველა მხარდამჭერ სიტყვას, მაგრამ ამავდროულად გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეაჩერებს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე გადაიყვანოს. არ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას მიეცეს საშუალება, საბოტაჟი მოუწყოს ჩვენს ბრძოლით მოპოვებულ დემოკრატიას და ეს შედეგების გარეშე დარჩეს“, - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.
მოსმენა ჰელსინკის კომისიის ინიციატივით გაიმართა. კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ამავდროულად კონგრესში ინიცირებული კანონპროექტის MEGOBARI Act-ის თანაავტორია.