„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ახალ ინიციატივას - სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდეს კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება და არაღიარებისკენ მოწოდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 რა სიმპტომები აქვს გრიპის ყველაზე გავრცელებულ ტიპს, „ჰონგ კონგის“ ვირუსს
- 6 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
„ჩვენი საკანონმდებლო რეგულაცვიები არის რეაქცია იმის მიმართ, რასაც ვაკვირდებით, რომ ხდება ექსტრემიზმის, ძალადობის გარედან მხარდაჭერა. ამიტომ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და ხდება პრობლემური ჩვენი საზოგადოებისთვის, კონსტიტუციური წყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, ყველა ამ საკითხს ვაწესრიგებთ.
ერთ-ერთი იდეა, რომელიც გუშინ იქნა წამოყენებული და რომელზეც, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, არის ის, რომ ექსტრემიზმს, ექსტრემისტულ მიდგომებს თავისი სახელი დაერქვას. ამ მხრივ მაგალითი გვაქვს გერმანიის შემთხვევაში, სადაც ერთ-ერთში, ფაქტობრივად, იდენტური სიტუაციაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან საქართველოში არსებული პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფების, ასევე, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქმედებები „რაიხსბიურგერების“ ექსტრემისტულ მოძრაობას შეადარა.
„ე.წ. „რაიხსბიურგერების“ მოძრაობას 20 000 მიმდევარი ჰყავდა. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ერთ დღეში დახურა და, თუ არ ვცდები, ოთხი კაცი დაიჭირეს, მათ შორის ხელმძღვანელი. რა ხდებოდა იქ, რა არის ბრალდებები ამ მოძრაობის მიმართ? ბრალდება არის, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს. საქართველოშიც არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს. ქმნიან პარალელურ სტრუქტურებს – გერმანიაში ადამიანი ამბობდა, რომ იყო გერმანიის მეფე. ჩვენ გვყავს აქ ერთი ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის შტანდარტი უდგას ხოლმე. კარგია, რომ ბოლო პერიოდში ელჩები მას აღარ ხვდებიან, თუმცა გვახსოვს კადრები, როდესაც მასთან მიდიოდნენ ელჩები და პრეზიდენტის შტანდარტი ედგა თვითმარქვია პრეზიდენტს. ასე რომ, იქ არის მეფე, აქ, არის - პრინციპში, ალბათ აქაც მეფობა სურს – ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ის არის პრეზიდენტი. გერმანიაშიც იყო ეკონომიკური, საფინანსო სისტემის წინააღმდეგ ამ ჯგუფების მოქმედება, მოწოდება გადასახადების არგადახდისკენ და საქართველოშიც გვესმოდა იგივე, არ გადაიხადოთ გადასახადები. პარალელური სტრუქტურები – გერმანიაში იქმნებოდა რაღაც დარბაზები, აქაც ცდილობდნენ პარალელური პარლამენტის, დარბაზების შექმნას. ძალადობა და მუქარა გერმანიაში მოსამართლეების, პოლიციელების, საჯარო მოხელეების მიმართ. საქართველოშიც ხომ არ გვახსენდება მუქარა მოსამართლეების, პოლიციელების და საჯარო მოხელეების მიმართ?
იმის თქმა მინდა, რომ ექსტრემიზმი, ზოგადად, არის გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის თანამედროვე სამყაროში, სამწუხაროდ. ექსტრემიზმი, შიდა ტერორიზმი ევროპაში, ამერიკაში არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა და ყველა სახელმწიფო ებრძვის ამას. შესაბამისად, ჩვენც ექსტრემისტულ გამოვლინებებს, რომლებიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, ამას რა თქმა უნდა... უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება ამის მოწესრიგება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტების კითხვის პასუხად, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რეგულაცია, მიღების შემთხვევაში, შეეხება „გააზრებულ პოლიტიკას, მიმდინარეობას თუ მიმართულებას, რომლის მიზანია, საზოგადოება, საზოგადოების ნაწილი, მათი მომხრეები ან მომხრეთა ნაწილი დაარწმუნონ იმაში, რომ სახელმწიფო არ არსებობს, სახელმწიფო გაუქმებულია, არ არსებობს კონსტიტუციური ორგანოები“.
„ვნახოთ ეს იდეა როგორი ფორმულირებით იქნება და რას გადაწყვეტს საბოლოო ჯამში პარლამენტი, თუმცა, იდეის მიზანი არის კონსტიტუციური წყობის დაცვა და დემოკრატიის დაცვა. თავდაცვითი დემოკრატია გულისხმობს, რომ დემოკრატიამ უნდა დაიცვას თავი ექსტრემიზმისგან და მათგან, ვინც ცდილობს, რომ გააუქმოს დემოკრატია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
„რაიხსბიურგერების“ (Reichsbürgers), ანუ „რაიხის/იმპერიის მოქალაქეების“ მოძრაობა გერმანიაში 1980-იან წლებში გაჩნდა. მოძრაობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ „გერმანული რაიხი“ კვლავ არსებობს 1937 წლის საზღვრებში და არ აღიარებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, როგორც სახელმწიფო ერთეულის, არსებობას - შესაბამისად, არც მის ინსტიტუტებს, კანონებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. „რაიხსბურგერები“ უარს ამბობენ გადასახადების გადახდაზე და ქმნიან საკუთარ „სახელმწიფო ერთეულებს“ ისეთი სახელწოდებებით, როგორიცაა, მაგალითად, „მეორე გერმანული რაიხი“, გასცემენ ალტერნატიულ პირადობის მოწმობებსა და მართვის მოწმობებს, სურთ ცალკე საბანკო და ჯანდაცვის სისტემების შექმნა.
„რაიხსბიურგერების“ ნაწილი იყო „გერმანიის სამეფო“, რომელიც 2012 წელს ქალაქ ვიტენბერგში, ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, შეფ-მზარეულმა და კარატეს ინსტრუქტორმა, პიტერ ფიცეკმა დააფუძნა და თავი გამოგონილი სახელმწიფოს მეფედ გამოაცხადა. დაჯგუფების ინფორმაციით, მას დაახლოებით 6000 წევრი ჰყავდა. „გერმანიის სამეფოს“ საქმიანობა 2025 წლის მასიში აიკრძალა. იმავე პერიოდში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ფიცეკი, დაჯგუფების სხვა სამ სავარაუდო ლიდერთან ერთად დააკავა.
კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის ანგარიშის მიხედვით, გერმანიაში დაახლოებით 25 000 „რაიხსბიურგერი“ ცხოვრობს. მათგან 1400 ადამიანი მემარჯვენე ექსტრემისტულ სპექტრს მიეკუთვნება, 2500 კი პოტენციურად ძალადობისკენაა მიდრეკილი. შიდა სადაზვერვო სააგენტო მხოლოდ მის იმ წევრებს აკონტროლებს, რომლებსაც ექსტრემისტებად მიიჩნევს. 2020 წელს გერმანიის ხელისუფლებამ „რაიხსბიურგერების“ მოძრაობაში შემავალი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფი „გაერთიანებული გერმანელი ხალხები და ტომები“ Vereinigte Deutsche Völker und Stämme) აკრძალა.
