რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილბების პაკეტის განხილვისას, „ქართული ოცნების“ პარლამენტში გაჟღერდა იდეა, სისხლისსამართლებრივი წესით დაისაჯონ საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც „კონსტიტუციური ორგანოების“ ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 მარნეულის ბაზარში სროლის შედეგად დაჭრილი 26 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მსგავსი პრაქტიკა გერმანიაში არსებობს.
„ასეთი აზრი დამებადა და იქნებ ამაზეც დავფიქრდეთ: აი, გერმანიაში, 2025 წელს, ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობა აკრძალეს და არგუმენტები, რაც იქ იყო ჩამოთვლილი, სხვათა შორის, ვიღაც-ვიღაცებს მაგონებს საქართველოში. ანუ, გერმანია დემოკრატიული ქვეყანა არის, ხომ?
პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც არ აღიარებს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნის პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლის პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებს, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალის მიერ იმართება და სხვებსაც მოუწოდებს ანალოგიური ქმედებებისკენ - ეს იყო მიზეზი, რატომაც აიკრძალა ეს პოლიტიკური მოძრაობა გერმანიაში და ჩვენც ხომ არ ვიფიქროთ რაიმე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, იმ აქტივისტების მიმართ, რომლებიც ანალოგიურ მოქმედებს სჩადიან და თან, გერმანია კარგი მაგალითია, ხომ? პრაქტიკა შეგვიძლია გადმოვიღოთ პირდაპირ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ლევან მაჭავარიანს არ დაუკონკრეტებია, რომელი პოლიტიკური მოძრაობა აკრძალეს გერმანიაში გასულ წელს. სავარაუდოდ, ის „გერმანიის სამეფოს“ (KRD) გულისხმობდა. ეს დაჯგუფება, რომელიც „რაიხსბიურგერების“ („რაიხის მოქალაქეები“) ექსტრემისტულ მოძრაობას მიეკუთვნება, გერმანიის მთავრობამ 2025 წლის მაისში აკრძალა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა მაშინ განაცხადა, რომ KRD-მ გერმანიაში შექმნა „საპირისპირო სახელმწიფო“ და ჩამოაყალიბა „დანაშაულებრივი ეკონომიკური სტრუქტურები“. დობრინდტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაჯგუფების წევრები „მუდმივად ძირს უთხრიან სამართლებრივი წესრიგსა და ფედერალური რესპუბლიკის მონოპოლიას ძალის გამოყენებაზე“, თავიანთ სავარაუდო პრეტენზიებს ძალაუფლებაზე კი „ანტისემიტური შეთქმულების ნატარივებით“ ამყარებენ.
„ქართული ოცნების“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მაჭავარიანის ინიციატივა მოიწონა. შესაძლოა მეორე მოსმენისთვის შესაბამისი ფორმულირება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილი გახდეს.
„მე მგონი, კითხვა არც სჭირდება, კითხვა არ ისმის საერთოდ დემოკრატიული არის თუ არა გერმანია. იდეაში, კარგი გამოცდილების გაზიარება რატომაც არა?!
შესაძლებელია, რომ გავიზიაროთ ჩვენც და თუ, მაგალითად, გერმანიაში არის შესაძლებელი, რომ პირები, რომლებიც, მაგალითად, არ ცნობენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას მიზანმიმართულად და სხვებსაც მოუწოდებენ, რომ იგივე- არ ცნონ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაცია; არ ემორჩილებიან და სხვასაც მოუწოდებენ საჯაროდ, რომ არ დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას; თუ უარყოფენ, რომ საქართველოში არსებობს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული ხელისუფლება და პირდაპირ უწოდებენ, რომ იგი არის მართული რომელიმე სხვა ქვეყნისგან. თუ ეს გერმანიაში შესაძლებელია, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი იყოს, რატომაც არა.
დიახ, შესაძლებელია, რომ გავითვალისწინოთ და ჩვენს კანონმდებლობაშიც აღნიშნული შემთხვევები პასუხისმგებლობის გამომწვევი იყოს. მე შემიძლია დაგეთანხმოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ საქართველოს პარლამენტიც ამ დათქმით უყრის კენჭს და თანახმა იქნება, მეორე მოსმენის ფარგლებში უკვე კონკრეტულ ფორმულირებებს კანონპროექტის სახით წარმოვადგენ.
კიდევ ერთხელ, მიმაჩნია, რომ სწორია, მართებულია, როდესაც პირები საჯაროდ მოუწოდებენ სხვებს, რომ არ ცნონ ლეგიტიმაცია კონსტიტუციური ორგანოებისა, მოუწოდებენ სხვებს, რომ არ დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას, ამავდროულად აცხადებენ და სხვებსაც მოუწოდებენ, რომ ჩაერთონ კამპანიაში, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება არის ქართველი ქართველი ხალხის მიერ არჩეული და არა რომელიმე სხვა ქვეყნისგან თუ ძალისგან მართული, ამ შემთხვევაში რომ პასუხისმგებლობა იყოს დაწესებული და მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ლეგიტიმურ მიზანს - ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას უზრუნველყოფს, პირდაპირ შეესაბამება და შესაძლებელია, წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 3 თებერვალს პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გრანტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებში, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში რეპრესიულ ცვლილებებს ითვალისწინებს.
