იგორ ნარმანია 20 კაცით თავს დაესხა 2 ადამიანს, მოგერიების დროს უპასუხეს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მეტეხის ხიდთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, იგორ ნარმანია „20 კაცით თავს დაესხა ორ ადამიანს“. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კობახიძემ ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ვერსია გაიმეორა.

„მოხდა ასეთი რამ, რაც ფაქტებით დასტურდება - ეს ადამიანები იყვნენ მისულები მეტეხის მიმდებარედ, გამოვიდა ქალბატონი, მესანთლე, ეკლესიის მიმდებარედ და სთხოვა, გადაეყენებინათ მანქანები, რაზეც მათ უპასუხეს შეურაცხყოფით. ორი ადამიანი გამოესარჩლა ამ ქალბატონს და ოცმა კაცმა ორ ადამიანს სცემა. თქვენ ახლა კადრულობთ და ასეთ კითხვას სვამთ? სამარცხვინოა“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

შეკითხვას, ნახა თუ არა იგორ ნარმანიას სისხლიანი სახე, ირაკლი კობახიძემ დადებითი პასუხი გასცა და თქვა:

„მოგერიების დროს უპასუხეს. ოცი ორზე იყვნენ. თქვენ ცდილობთ, გაამართლოთ იგორ ნარმანია, რომელიც 20 კაცით თავს დაესხა ორ ადამიანს. მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ თავში არ მოხვედროდა. ეგეც კი ვერ მოახერხა, იმიტომ, რომ „ნაცია“.

კობახიძემ უარყო ჟურნალისტის ინფორმაცია, რომ იგორ ნარმანია რკინის ხელკეტებით იყო ნაცემი: „არავითარი რკინის ხელკეტი იქ არ იყო. იყო კონკრეტული ნივთი, რაც ხელში მოხვდა ადამიანს. რაც ხელში მოხვდა, იმით დაიცვა თავი. მანქანასთან იპოვა ეს კონკრეტული ნივთი. დანარჩენს გამოძიება დაგიდგენთ“.

მეტეხის ხიდთან დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც იგორ ნარმანია და სხვა ახალგაზრდები 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგის გასამართად ემზადებოდნენ.

იგორ ნარმანიამ „აბსურდი“ უწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, თითქოს, თავდასხმას მეტეხის ტაძრის მსახურ პირებთან კონფლიქტი უძღოდა წინ.

„ეს ადამიანები ხელკეტებით და დრინებით იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს იყო ორგანიზებული. [...] არ ვიყავი გარკვეული კონფლიქტის დეტალებში, თუ რატომ მოვარდნენ ეს ადამიანები იმ ადგილას და იმ მომენტში, როდესაც უნდა გამერკვია, მომეპარა ე.წ. ტიტუშკა“, - განაცხადა ნარმანიამ ტელეკომპნია „ფორმულას“ ეთერში.

დაპირისპირების დროს დაშავდა არასრულწლოვანიც - როგორც ნარმანიამ თქვა, მათი 15 წლის თანამებრძოლი. ორივეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.