დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავებიან, ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენებას მოითხოვს. სასამართლო პროცესი დღეს, 28 იანვარს გაიმართება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 საქართველოში თოვლიანი ამინდი 3 იანვრამდე შენარჩუნდება
ილია ღუდუშაურს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
„ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ ბრალს აღიარებს და მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან“, - განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა.
ილია ღუდუშაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 70 ერთეულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა და გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი კომპანია.
თუმცა, ბრალდებულმა რომელიც მოქმედებდა ტენდერში მონაწილე შედარებით მაღალი ფასის წარმდგენი კომპანიის სასარგებლოდ, ხელოვნურად შექმნილი საფუძვლით, უკანონოდ შეწყვიტა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი. 2023 წლის 10 მაისს, მისივე მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, შეცვლილი პირობებით, რომელიც მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე და რომლის ხელმძღვანელობასთანაც ბრალდებულს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა.
შედეგად, ტენდერი ჩატარდა სხვა კომპანიების მონაწილეობისა და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსაც წარდგენილი შედარებით მაღალი ფასის გამო, სამინისტრომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა“, – აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ამ ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
ილია ღუდუშაურისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.
ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2022 წლის იანვარში, ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს დანიშნეს, 2024 წლის მარტში კი გაათავისუფლეს. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მაშინ მის საკურატოროში შედიოდა სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ასევე, ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.
2025 წლის 27 ივლისს ილია ღუდუშაურის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური 1.3 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე დააკავეს. მოგვიანებით, ვლადიმერ ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. როგორც პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა განაცხადა, საქმეში მისი აღიარებითი ჩვენება დევს. ამავე საქმეზე პატიმრობაში იმყოფება თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.
