თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით

გიორგი ხაინდარავა, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და ბურჭულაძის ახლო ნათესავი ვ. მ. 1.3 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელთა ნაწილიც შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ისე წარმართეს, რომ ბაზრის რეალური კვლევა ფაქტობრივად არ ჩაუტარებიათ. იმავდროულად, მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობა მხოლოდ ვ. მ.-სთან ახლო კავშირში მყოფ ურთიერთდაკავშირებულ საწარმოებს მიეღოთ.

ამასთანავე, შესყიდვის პროცესი იმგვარად დაორგანიზდა, რომ შესაბამისი კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთსა და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით, სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით, აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა.

შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის შეძენა მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განახორციელა.

ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი

გამოძიებით აგრეთვე დადგენილია მნიშვნელოვანი გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა, ხოლო შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სახელმწიფოს სულ მცირე 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა”, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით.

გიორგი ხაინდრავა თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო 2021-2024 წლებში. მანამდე, 2020-2021 წლებში თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა 2015 წლიდან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა 1-ელ ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულის მიტანას ჯუანშერ ბურჭულაძესაც სთხოვს.

„ჯუანშერ ბურჭულაძეს აქვს ძალიან მძიმედ საქმე ამ მიმართულებით. მასაც სთხოვენ ქეშს, რაღაც კონკრეტულ ფულზეა ლაპარაკი, რომელიც მოიპარა და ობშიაკში ბიძინასთან არ მიიტანა. ან მიიტანს ახლა ეს ბურჭულაძე ქეშს, ან მოიკითხეთ ახლა ჯუანშერ ბურჭულაძე. არის თუ არა მასზე საქმე აღძრული, პროკურატურას ჰკითხეთ, არის თუ არა გამოკითხული და ვნახოთ რას გიპასუხებენ ოფიციალურად“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ფულის გამო შიდა დაპირისპირებაა.

ხაბეიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსისგან, გრიგოლ ლილუაშვილისგან 100 მილიონის მიტანას ითხოვენ. ამ მიზეზით მას ქვეყნიდან გასვლის უფლებაც არ მისცეს. 300 მილიონის მიტანა მოსთხოვეს აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს.

20 ივნისს, კორუფციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლების მიღების ბრალდებით დააკავეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.