შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების განყოფილების ყოფილი უფროსის, ლაშა შერგელაშვილის განცხადებით, BBC-ის საგამოძიებო მასალაზე მუშაობის დროს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ავტორებს კონსულტაცია ჰქონდა გავლილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისტებთან. გამოძიება ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ტოქსიკური ნაერთის გამოყენებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„საუბრის დროს მითხრა, რომ იცოდნენ, რა საშინელ სითხეს, ქიმიურ შენაერთს იყენებდნენ თუ არ იცოდნენ, მნიშვნელობა არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ თუ არ იცოდნენ, ეს იყო ექსპერიმენტი... ანუ, ექსპერიმენტულად მოწალეს ადამიანები ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ რას იყენებდნენ... ეს არის გაცილებით საშიში დანაშაული - კაცობრიობის წინაშე ჩადენილი - ვიდრე ის, რომ ეს მოხდა მიზანმიმართულად.
როდესაც პროცესი დამთავრდა, მითხრეს, რომ არ არის გვიან გადაიფიქრო, თქვა უარი ფილმში მონაწილეობაზე. [...] მაგრამ თუ მიიღებ მონაწილეობას, ვალდებულები ვართ, გაგაფრთხილოთ, რომ შენზე წამოვა ზეწოლები, რომ შეეცდებიან - მე ინლისურ ენაზე არ ვესაუბრებოდი, თარჯიმანი გვყავდა და როგორც გადამითარგმნეს, ასე მითხრეს - აუცილებლად გაგაშავებენ, აუცილებლად დაიწყებენ შენი მეგობრების დევნას, თუ ხარ ამისთვის მზად, მაშინ ამ ფილმს გავუშვებთ. მე ვუთხარი - კიბატონო. მერე იყო მეორე ეტაპი, როდესაც მითხრეს, რომ ეს პროცესი როდესაც დაიძრება, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ჰააგის სასამართლოზე გამოგიძახებენ როგორც მოწმეს. მე ვუთხრარი, თუ ეს პროცესი დაეხმარება ჩემს სამშობლოს, მე მზად ვარ ამისთვის“, - განაცხადა „დროებასთან“ ინტერვიუში უკრაინაში მყოფმა შერგელაშვილმა.
ლაშა შერგელაშვილი გდდ-ში მაღალ თანამდებობას 2022 წლამდე იკავებდა. ის მიიჩნევს, რომ 2024 წლის ზამთარში მომიტინგეებს იგივე ქიმნიური ნივთიერება შეასხეს, რომლის გამოცდაც მას 2009 წელს წყლის ჭავლში გამოსაყენებლად დაევალა.
„ჩემი იქ მსახურობის დროს, მე ვიცოდი ყველაფერი, რაც გვქონდა, ვიცოდი ყველა ის საშუალება, ყველა ის საბრძოლო მასალა, ყველა ის იარაღი... რაც შეეხება ქიმიურ სითხეს, რომელიც შედგება ორი კომპონენტისგან - 3439 ქიმიური ფხვნილი და 1710 ქიმიური სითხე - მომზადების პროცესში, მე რაც ნანახი მაქვს, ეს იყო 20-ლიტრიანი ჭურჭელი, ხოლო ქიმიური ფხვნილი იყო პლასტმასის ლიტრიანი ბანკებით. რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში - თავის ქალა - ჩონჩხი და ძვლები... ქიმიური სითხის ტესტირება ჩვენ ჩავატარეთ მალევე, როდესაც ის მივიღეთ“, - ამბობს შერგელაშვილი BBC-ის საგამოძიებო ფილმში.
მისივე განცხადებით, ნივთიერების ტესტირების დროს, მის სულ მცირე ორ კოლეგას გული აერია.
„ახლოს ვიდექი მეც, მაინტერესებდა საკუთარ თავზე გამომეცადა... გაქვს თვალების წვა. სუნთქვა გიჭირს“, - შერგელაშვილის თქმით, ქიმიური სითხის ეფექტი განსხვავებული იყო ყველაფრისგან, რაც მანამდე შეხვედრია.
„ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ეფექტი არ გაქრა, როგორც ეს [ჩვეულებრივი] ცრემლსადენი გაზის შემთხვევაში ხდებოდა. მას შემდეგაც კი, რაც ჯერ წყლით, შემდეგ კი სპეციალურად მომზადებული საკვები სოდისა და წყლის ხსნარით დავიბანეთ თავი, მაინც ვერ ვსუნთქავდით თავისუფლად“, - ციტირებს BBC შერგელაშვილს.
როგორც ლაშა შერგელაშვილი ჰყვება, გამოცდის შედეგების საფუძველზე, ქიმიური ნივთიერების გამოყენებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გასცა, თუმცა, მას წყლის ჭავლში მაინც უმატებდნენ - სულ მცირე 2022 წლამდე.
BBC-მ სპეცრაზმის ინვენტარიზაციის სიის 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული ასლი მოიპოვა. მასში ჟურნალისტებმა ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“.
UN1710 ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს. ის სხვა ქიმიური ნაერთების წყალში გაიხსნას უწყობს ხელს.
„ტრიქლორეთილენი ადვილად აღწევს კანში, ფილტვებსა და კუჭნაწლავში. ის მოქმედებს ნერვულ და კარდიოვასკულურ სისტემაზე, შეუძლია ღვიძლზე ზემოქმედება. ეს ნამდვილად არ არის ის ქიმიკატი, რომელიც შეიძლება ხალხს პროტესტის დროს შეასხა. ყველაფერი დამოკიდებულია დოზებზე - რაც უფრო დიდია დოზა, მით უფრო მეტია გართულებების რისკი“, - ამბობს BBC-სთან კრისტოფერ ჰოლსტიგი, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. BBC-მ დაადგინა, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე ყოფილა გამოყენებული არეულობების კონტროლისთვის, ბრომბენზილ ციანიდი, იგივე კამიტია. კამიტი პირველად პირველი მსოფლიო ომის ფრანგულმა ძალებმა ქიმიურ იარაღად გამოიყენეს და მალევე ამოიღეს ხმარებიდან ზემოქმედების ხანგრძლივი ეფექტის გამო.
„ქართული ოცნების“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ BBC-ის მასალაში მითითებული კოდებით - UN1710 და UN3439 - შსს-მ 2007 და 2009 წლებში შეიძინა ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი და გამხსნელი ნივთიერება ტრიქლორეთილენი. გამოძიების ფარგლებში შს სამინისტროდან ტრიქლორეთილენიც ამოიღეს - სუს-ის თანახმად, „ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით“.
ხუთდღიანი გამოძიების ფარგლებში, შსს-დან ასევე ამოიღეს ქიმიური ნივთიერება „პროპილენ გლიკოლი“. როგორც სუს-ი აცხადებს, „დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას“, - განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.
„ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ (Chlorobenzylidenemalononitrile) ცნობილია როგორც CS, ანუ ცრემლსადენი გაზი.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა“, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს „შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია“.
BBC-ის საგამოძიებო მასალის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სუს-ში ლაშა შერგელაშვილის წინააღმდეგ „ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“ მიმდინარეობს“. საუბარია 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის წინ „ტყეში აღმოჩენილი იარაღის“ საქმეზე. როგორც სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ თქვა, გამოძიება „ინტენსიურად მუშაობს“ ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა შერგელაშვილის „შეკვეთით“ მოხდა.
