„რადგან ე.წ. „კამიტის“ და სხვა აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი არაფერია, ამ თვალსაზრისით, საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურულია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდა C130 თვითმფრინავი
კობახიძის თქმით, „ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა“, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს „შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია“.
„რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს -კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას - ამ მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება.
ყველა ის პირი თუ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართაც მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა შეიკრიბება და დადასტურდება, რომ მათი მიზანმიმართული ქმედებებით უხეშად ზიანდებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესები, საერთაშორისო იმიჯი და რეპუტაცია და მათი ქმედებები საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ იყო მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, – დაიმუქრა კობახიძე.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის თქმით, „5 დღის განმავლობაში, საზოგადოება თვალს ადევნებდა უცხოური სპეცსამსახურების მიერ წინასწარ დაგეგმილ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ“.
„ამ ანტიქართულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ოდიოზური სუბიექტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.ქვეყნის შიგნით ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ ჩვეული ეჭვმიტანილები, ანუ უცხოური აგენტურა რადიკალური პარტიების, რადიკალური მედიასაშუალებების, რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალი პოლიტიკური აქტივისტების სახით.
ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც მთლიანად თითიდან გამოწოვილ ყალბ ვარაუდებსა და გამოგონილ ამბებზე იყო აწყობილი, იქცა ხელოვნურ საბაბად პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისთვის, რათა საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახალი, ჰიბრიდული ომი ეწარმოებინათ“, – თქვა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ანტისამთავრობო აქციების დასაშლელად ბრომობენზილ ციანიდის, ე.წ. კამიტის, შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით 5 დღის წინ დაწყებული გამოძიება დღეს დასრულებულად გამოაცხადა.
სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ თქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბერს, საპროტესტო აქციებზე გამოყენებული იყო „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ და მისი გამხსნელი „პროპილენ გლიკოლი“, რომელთაგანაც „არცერთი არ წარმოადგენს აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას“.
„ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ (Chlorobenzylidenemalononitrile) ცნობილია როგორც CS, ანუ ცრემლსადენი გაზი.
ლაშა მაღრაძის მტკიცებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კამიტი არასდროს შეუძენია. ამასთან, არ განუმარტავს, რა ნივთიერებები იყო გამოყენებული 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული პროტესტის სხვა დღეებში.
„როდესაც წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ - BBC World Service-მა ამ სათაურით გამოძიება 30 ნოემბერს გამოაქვეყნა. ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ანტისამთავრობო აქციების დროს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში აკრძალული ქიმიური ნივთიერება შეურია.
BBC-მ მოახერხა საქართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმების ინვენტარიზაციის სიის, 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული ასლის, მოპოვება. მასში ჟურნალისტებმა ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - ჩამონათვალში ისინი მითითებულია, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.
UN1710 ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს. ის სხვა ქიმიური ნაერთების წყალში გაიხსნას უწყობს ხელს.
„ტრიქლორეთილენი ადვილად აღწევს კანში, ფილტვებსა და კუჭნაწლავში. ის მოქმედებს ნერვულ და კარდიოვასკულურ სისტემაზე, შეუძლია ღვიძლზე ზემოქმედება. ეს ნამდვილად არ არის ის ქიმიკატი, რომელიც შეიძლება ხალხს პროტესტის დროს შეასხა. ყველაფერი დამოკიდებულია დოზებზე - რაც უფრო დიდია დოზა, მით უფრო მეტია გართულებების რისკი“, - ამბობს BBC-სთან კრისტოფერ ჰოლსტიგი, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. BBC-მ დაადგინა, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე ყოფილა გამოყენებული არეულობების კონტროლისთვის, ბრომბენზილ ციანიდი, იგივე კამიტია. კამიტი პირველად პირველი მსოფლიო ომის ფრანგულმა ძალებმა ქიმიურ იარაღად გამოიყენეს და მალევე ამოიღეს ხმარებიდან ზემოქმედების ხანგრძლივი ეფექტის გამო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ BBC-ის მასალაში მითითებული კოდებით - UN1710 და UN3439 - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი და გამხსნელი ნივთიერება ტრიქლორეთილენი შსს-მ 2007 და 2009 წლებში შეიძინა. გამოძიების ფარგლებში შს სამინისტროდან ტრიქლორეთილენიც ამოიღეს - სუს-ის თანახმად, „ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით“.
