ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გამოსვლისას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის „კრიზისის“ ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
- 6 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
„ეს კრიზისი არ წარმოიშვა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, არამედ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, რომელიც მხარდაჭერილი და პროვოცირებული იყო დასავლეთის მიერ, შემდეგ კი შეიარაღებული ძალების გამოყენებით უკრაინის იმ რეგიონებისა და უკრაინაში იმ ადამიანების წინააღმდეგობის ჩახშობის მცდელობებით, რომლებმაც არ მიიღეს ეს გადატრიალება, ვინც არ დაუჭირა მხარი მას“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა სცადა ნატოს სამხედრო ალიანსში უკრაინის „ჩათრევა“.
„კრიზისის მეორე მიზეზია დასავლეთის მუდმივი მცდელობები, უკრაინა ნატოში ჩაითრიოს, რაც, როგორც ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი და მრავალი წლის განმავლობაში ვამბობდით, პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის უსაფრთხოებისთვის. სხვათა შორის, 2014 წელს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ჩამოშორებული იქნა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც არ უჭერდა მხარს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში, ნატოში გაწევრიანებას“, - თქვა ვლადიმირ პუტინმა.
მისივე განცხადებით, რუსეთი ძალიან აფასებს ჩინეთის, ინდოეთის და მისი სხვა სტრატეგიული პარტნიორების ძალისხმევასა და წინადადებებს, „რომლებიც მიმართულია უკრაინის კრიზისის მოგვარების ხელშეწყობისკენ“. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ჩინეთი და ინდოეთი რუსული ნავთობის ყველაზე დიდ შემსყიდველებად რჩებიან.
ვლადიმირ პუტინი 15 აგვისტოს, ალასკაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართულ მოლაპარაკებებსაც შეეხო.
„იმედი მაქვს, ალასკაში რუსეთ-ამერიკის ბოლო სამიტზე მიღწეული შეთანხმებებიც ამ მიმართულებით მიდის და უკრაინაში მშვიდობისკენ გზას გახსნის. დღეს და ხვალ დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებს უფრო დეტალურად ვაცნობებ ალასკაში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს“, - პუტინმა თქვა, რომ ამ საკითხზე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს გუშინ უკვე ესაუბრა.
„რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ უკრაინული დარეგულირება იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, კრიზისის ძირითადი მიზეზები, რომლებიც ახლახან ვახსენე და რომლებიც ადრეც არაერთხელ მიხსენებია, უნდა აღმოიფხვრას და უსაფრთხოების სფეროში სამართლიანი ბალანსი უნდა აღდგეს“, - თქვა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო და ამჟამად მისი ტერიტორიების თითქმის მეხუთედი აქვს ოკუპირებული.
