„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მის მიერ დაფუძნებული პარტიის მოსვლის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ 1-ელი ოქტომბერი საქართველოს ისტორიის „ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი“ და „ქართველი ხალხის არსებობის ერთ-ერთი მთავარი გამართლებაა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„დღეს პირველი ოქტომბერია, თავისუფლების დაბრუნების დღე, დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს და ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობას. დღე, რომელიც გამოხატავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავარ გამარჯვებას და ქართველი კაცის მიერ ღირსების დაბრუნებას“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ის „სამარცხვინო შავ ლაქად“ მოიხსენიებს წინა ხელისუფლებას, რომელიც, მისივე თქმით, ხალხს არ აძლევდა, „თავისუფლად ამოსუნთქვის, აზრის გამოხატვის, სიმართლისთვის ბრძოლის, ღირსეულად ცხოვრების, ოჯახსა და ახლობლებზე ზრუნვის, მუშაობის, ბიზნესის კეთების, განათლების მიღების და სიბერის ღირსეულად გატარების“ საშუალებას.
„პატრიოტიზმი მხოლოდ იარაღით ხელში სამშობლოს დაცვა როდია, ყველაფერთან ერთად, ესაა გამბედაობა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე რთულ მომენტში აიმაღლო ხმა, სწორედ მაშინ, როდესაც ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. ჩვენ გავბედეთ! შეუძლებელი შევძელით... სწორედ ჩვენი ხალხის ამ უპრეცედენტო ერთიანობას ვერ აღუდგნენ წინ იმჟამინდელი რეჟიმი და მათი უცხოელი პატრონები! ამიტომაც, ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალაქეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა! ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი!“, - მიმართავს ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს.
ივანიშვილი დასძენს, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „საქართველოს ისტორიის ჩარხი წაღმა დატრიალდა“.
„ეს ხელშესახები პროგრესი, რასაც ყველა ვხედავთ, არა მხოლოდ ჩვენი მონდომებისა და ძალისხმევის, არამედ იმ ბეწვის ხიდზე სწორად სიარულის შედეგი გახლავთ, რომელზეც მთელი განვლილი 12 წლის განმავლობაში ვიარეთ და დღემდე ვაგრძელებთ სვლას. დიახ, ბოლო დრომდე ვცდილობდით ამ თემაზე საჯაროდ არ გვესაუბრა, რათა მოსახლეობა არ დაგვეთრგუნა, მაგრამ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული - დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი.
ბიძინა ივანიშვილი კვლავ განმარტავს, რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. მმართველი პარტიის გეგმებში პირველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებაა.
„ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს იმისთვის, რომ:
ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს;
იმისთვის, რომ საქართველოს ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“;
იმისთვის, რომ ერთად ავისრულოთ დიდი ხნის ნატვრა და მშვიდობის გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზე, კვლავაც გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო;
იმისთვის, რომ სამუდამოდ დავასრულოთ ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის შეურაცხყოფის და დაკნინების მუდმივი მცდელობები და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით, კონსტიტუციაში ავსახოთ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის როლი“, - ვკითხულობთ ივანიშვილის განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოვიდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარტიას ხმა 1 181 862-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 54.97% იყო.