ივანიშვილმა ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, ახალგაზრდობას - პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„29 აპრილს ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა: ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ ახალგაზრდობას და ქვეყნის პატრიოტებს შიგნით, გარეთ კი, ჩვენს  ერთგულ პარტნიორებს. ყველას ცალ-ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალა, მაშინ დავდექით უპირობოდ, ჩვენი მომავლის გზასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე; ან იქნება ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი და მართლაც ღირსეული მომავალი - ან დაბრუნება წარსულში, ჩაძირვა რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითიდღე საკუთარ უსასტიკეს და დაუნდობელ სახეს ამჟღავნებს“, - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ასე „ქართული ოცნების“ მიერ, რუსული კანონის მხარდასაჭერად, ოთხი თვის წინ გამართული აქცია შეაფასა. მაშინ ხელისუფლებამ თბილისში საქართველოს რეგიონებიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები ჩამოიყვანა. აქციაზე ივანიშვილი ანტიდასავლური გზავნილებით გამოვიდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„არჩევანია, მართლაც რუსულ დაუნდობლობასა და ქართულ საუკუნოვან შემწყნარებლობას შორის: ყოველდღიურად საქართველო ამ შემწყნარებლობის მაგალითს იძლევა, თუნდაც რუსი ტურისტებისა თუ ქვეყანაში სხვაგვარად შემოსულ ათასობით ადამიანის წინაშე. არჩევანია რევანშიზმს, დაუნდობლობასა და სასამართლოთი დაცული ადამიანის უფლებებს შორის. 

მცხეთიდან გახსნილი საარჩევნო კამპანიისას საკუთარ ხალხს, გამარჯვების შემთხვევაში დაპირდნენ: შურისძიებას, შევიწროებას, სხვა აზრის მქონე ადამიანების დევნას, თავისუფალი პროტესტის შეზღუდვას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას.

მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდა ერთპარტიულ, ერთპიროვნულ დიქტატურას. დაგვიხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთ მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება და სხვებს კი, რაღა დარჩებათ თუ არა ერთი - ქვეყნიდან წასვლის უფლება!

არჩევანი იქნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის, რუსეთთან უღირსი კომპრომისებისა და რეალურად, სულის გაყიდვის ფასად დამორჩილებას, თუ ევროპაში თანასწორუფლებიან ქვეყნად წარდგენას შორის, სადაც მოვახდენთ ჩვენი სახელის, ისტორიის, ნიჭისა და შესაძლებლობების გატანას და საქართველოს სათანადოდ წარმოჩენას თავისუფალ და მშვიდობიან გარემოსა და სამყაროში.

ეს არჩევანი მეორედ არ დაგვიდგება. ეს ჩვენი გადასაწყვეტია!

ეს არჩევნები საკმაოდ რთულ პირობებში ჩატარდება: უკვე გვესმის ხელისუფლების  ყველა დონეზე გაჟღერებული მუქარა. გვაშინებენ ომით, მახვილით, დაჭერებით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რამეთუ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ხალხის წინააღმდეგ წავა და გაიმარჯვებს, იმ შემთხვევაში, თუ ყველა გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას, თუ საზოგადოება სრულად მობილიზებული იქნება, მაშინ ხმებიც, სტაბილურობაც და მომავალიც სრულად დაცული იქნება.

ეს არჩევნები ცალ-ცალკე, არცერთი პოლიტიკური პარტიის მოსაგები არაა. მოცემულობაა, რომ პარტიებს არც დრო, არც პირობები არ ჰყოფნით იმისათვის, რათა თავისუფლად მოემზადონ, დაფინანსდნენ და გაიმარჯვონ თავისუფლად. დროა მხოლოდ გადარჩენის, ახალი რეალობის შექმნის, ევროპის გზაზე დაბრუნების (სანამ კიდევ გველოდებიან), თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნის. ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს, ერთ წელიწადში შევცვალოთ „კლანური მოცემულობა“ სასამართლოში, საარჩევნო გარემოს დავუბრუნოთ კონკურენტუნარიანობა. ამ დროს მთავრობა შეუდგება მთავარს, პარტნიორებთან ნდობის და საერთო პროექტების აღდგენასა და გაწევრიანების მოლაპარაკებების პერსპექტივის დაბრუნებას. ეს არის გეგმა, ერთადერთი რეალური და შესრულებადი გეგმა, რაც უნდა შევძლოთ ერთ წელიწადში, რათა დავაბრუნოთ საქართველო საკუთარ გზაზე!

მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი აცნობიერებს იმასაც, რა საფრთხის წინაშეც ვდგავართ და იმასაც, რომ ნიჰილიზმის დრო არ არის. ახლა შემართებისა და არჩევნებზე წასვლის დროა. იმედის დაკარგვა არ ახასიათებს საქართველოს: ეს არ მომხდარა, საუკუნეების განმავლობაში, ფერეიდანში გადასახლებულთა შორის; ეს არ მომხდარა საბჭოთა ოკუპაციისგან წასულ ემიგრაციაში; ეს არ მომხდარა, თუნდაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და მისი დამარცხების შედეგად კი; ეს არ მომხდარა ტერიტორიების ოკუპაციის მერე და ეს ტრაგედია მხოლოდ პრემიერისთვის არის „მოცემულობა“, ჩვენთვის კი - შეუგუებლობაა!

უმძიმესი დღეები გაუვლია საქართველოს, თუმცა უიმედობას არ გაუმარჯვია! პირიქით, როცა ვკითხულობთ რამ მოიყვანა ეს ქვეყანა დღემდე და როგორ შეინარჩუნა საკუთარი თვითმყოფადობა, სწორედ ეს - მომავლის საოცარი რწმენაა ჩვენი საიდუმლო. ეს მათქმევინებს დღეს: მეც მჯერა და მწამს, რომ ასეთი არჩევანის წინაშე არავინ აღმოჩნდება გულგრილი, არავინ დარჩება სახლში, დიასპორასა თუ აქ, ქვეყნის შიგნით.

26 ოქტომბერი ეს არის ის არჩევნები, როცა თქვენ, საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას აძლევთ ხმას. აძლევთ ხმას ქვეყნის მომავალს და ისეთ მომავალს, რომელიც წარსულს არ შეურაცხყოფს. ვერავინ მოატყუებს ქართველ ხალხს, ვერც ფსევდო პროევროპულობით და ვერც ყალბი პატრიოტიზმით.

26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ის 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა და არჩევნები 26 ოქტომბერს დანიშნა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).