„ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ბორტზე არ დაუშვებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტი, თამაზ გაიაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოღალატეს უწოდებს და აცხადებს, რომ თვითმფრინავის ბორტზე არ დაუშვებს, ვიდრე ქართველ ხალხს ბოდიშს არ მოუხდის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქალბატონმა სალომემ ეროვნულ ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა, ჩვენ მას პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, ჩვენს ბორტზე არ დავუშვებთ“, - ნათქვამია გაიაშვილის განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა.

გაიაშვილი წერს, რომ იმ დროს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი „პარიზის ქუჩებში დასეირნობდა, ქართველი მფრინავები ხანძარმოდებულ აფხაზეთში დაფრინავდნენ და სამშობლოს ერთიანობის იდეას ეწირებოდნენ“, ხოლო „2008 წლის ტრაგედიის“ შემდეგ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოჰყავდათ პოლიტიკოსები, დიპლომატები და ჟურნალისტები, რამაც ქვეყანა იზოლაციისგან იხსნა.

„ამდენ უბედურებას სასწაულებრივად გადარჩენილი ავიაკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული შტურმი უსინდისობაა და სხვა არაფერი, მით უმეტეს, იმ პრეზიდენტისგან, რომელსაც 1%-იანი რეიტინგიც კი არ გააჩნია. გასაკვირია, თუ რატომ იხარჯება მილიონები საქართველოს ბიუჯეტიდან იმ ქალბატონის ყოვლად უმიზნო ვოიაჟებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში, ვისაც ცხოვრების არცერთ მონაკვეთში საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია.

სახელმწიფოთა პრეზიდენტებმა უზარმაზარი თანხები ჩადეს ეროვნული ავიაკომპანიების გადარჩენის საქმეში, „ჯორჯიან ეარვეისს“ კი არაფერი მიუღია გარდა ხელის შეშლისა.

გამდიდრებაზე თუ არის საუბარი, ქალბატონმა საკუთარ წინაპრებზე ილაპარაკოს, რომლებმაც საქართველოს ხაზინასთან ერთად ეკლესია-მონასტრები და ეროვნული მუზეუმები გაძარცვეს და საქართველოდან გაიქცნენ, ქართველი ხალხი კი მშიერი დატოვეს.

რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც ორი წლის წინ, ფრანგულ კომპანია „ეარ ფრანსის“ კუთვნილ თვითმფრინავს ტაშ-ფანდურით დახვდა, შემდეგ კი პიარის გასაკეთებლად პარიზში გაჰყვა. მას არასდროს გასჩენია სურვილი, რომ ქართულ ავიაკომპანიას დახმარებოდა. თუმცა, აქ რა არის გასაკვირი, იგი არ არის საქართველოს პრეზიდენტი. ყველამ იცის, რომ ნებისმიერ ქართველს უფრო მეტი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, ვიდრე ქალბატონ ზურაბიშვილს. მოღალატედ დაბადებული ადამიანი, როგორც ჩანს ვერც გრძნობს ხოლმე, როგორ ღალატობს ადამიანებს, საქვეყნო ინტერესებს, სამშობლოს. ჰგონია, რომ ქართული ავიაკომპანიის გაჩერებით რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს, ან რა დემოკრატიაა ის, რომ უმრავლესობამ აგრესიული უმცირესობის ჭკუაზე იაროს. დემოკრატია საკითხების უმრავლესობით გადაწყვეტას ნიშნავს უმცირესობის , უმცირესობის ჭკუაზე სიარულს კი დიქტატურა ჰქვია.

ბედის ირონიაა, როდესაც ქალბატონ ზურაბიშვილსაც პრეზიდენტი ჰქვია და ერდოღანსაც, რომელმაც „თურქიშ ეარვეისი“ერთ-ერთ უდიდეს ავიაკომპანიად ჩამოაყალიბა, სტამბოლში კი რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია ააშენა“, - აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა „ჯორჯიან ეარვეისს“ ბოიკოტი რუსეთში ფრენების განახლების გამო გამოუცხადა და საზოგადოებასაც მოუწოდა, მისი ეს პოზიცია გაიზიაროს. 20 მაისს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზრაბიშვილმა თქვა, რომ ეს არის ავიაკომპანია, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს „სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს“.

„ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რაც მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. მე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, სანამ „აირზენას“ ხელში იქნება, რომ ამით კიდევ არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის. ჩვენ ვნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

„ჯორჯიან ეარვეისი“ მოსკოვის მიმართულებით კვირაში შვიდჯერ იფრენს. 20 მაისს, პირველი რეისის შესრულების შემდეგ, ავიაკომპანიის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი „დიდი აღფრთოვანებით“ შეხვდა პირდაპირი ავიამომოსვლის აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. თამაზ გაიაშვილის განცხადებით, ყველა გახარებული იყო ვლადიმერ პუტინის განკარგულებით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).