საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოიკოტს უცხადებს ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“, რომელმაც დღეიდან მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისების შესრულება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„მე ვაწესებ ჩემთვის, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ, ბოიკოტს „აირზენაზე“. ეს არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რაც მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის.
მე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, სანამ „აირზენას“ ხელში იქნება, რომ ამით კიდევ არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის. ჩვენ ვნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ფრენების განახლების შემდეგ, „ჯორჯიან ეარვეისმა“ (2004 წლამდე „აირზენა“ ერქვა) მოსკოვის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა. ბორტი პირადად კომპანიის პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა გააცილა. რუსულ მედიასთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი „დიდი აღფრთოვანებით“ შეხვდა პირდაპირი ავიამომოსვლის აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას: „ყველა გახარებული იყო ვლადიმერ პუტინის განკარგულებით“, - თქვა გაიაშვილმა.
„ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთის დედაქალაქში კვირაში შვიდჯერ იფრენს. ამ გადაწყვეტილების მიღების გამო საზოგადოების ნაწილის კრიტიკა ავიაკომპანიამ „ბინძურ კამპანიად“ შეაფასა, რომლის უკან, გაიაშვილის კომპანიის განცხადებითვე, დგანან „მართული ძალები, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული გრანტების გასამართლებლად მზად არიან, ხალხის ინტერესის წინააღმდეგ წავიდნენ“. ავიაკომპანიის მიერ 17 მაისს გავრცელებულ განცხადებაში კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ გამოყენებული იყო ისეთი ეპითეტები, როგორებიცაა - „ავაზაკები“, „არარაობები“, „გარეწრები“ და „პროვოკატორები“.
საქართველოსთან თითქმის ოთხი წლის წინ შეწყვეტილი ავიამომოსვლის განახლების თაობაზე განკარგულება ვალდიმერ პუტინმა 10 მაისს გამოსცა. გაუქმდა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმიც.
ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, რომ უკრაინაში ომის გამო, ევროკავშირისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ რუსეთისთვის ავიაციის სფეროში დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. თუმცა, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, საქართველო ევროკავშირის პოლიტიკას რომ დაემორჩილოს, მისი წევრი ქვეყანა უნდა იყოს.
