ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სფეროში დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდეს. ამის შესახებ დღეს, ბრიუსელში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 3 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
- 4 „8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- 5 დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა – ქურდოვანიძე
- 6 ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა დააკავეს
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მხედველობაში მივიღეთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის მოხსნის შესახებ. ამ კონტექსტში, უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და რიგმა საერთაშორისო პარტნიორებმა, სხვა ქვეყნებმა რუსეთის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
ჩვენ არ ვიძლევით რუსეთში, რუსეთიდან ან რუსეთის თავზე ფრენების ნებართვას. მოვუწოდებთ საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სფეროშიც და იყოს ფხიზლად სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პიტერ სტანომ.
ევროკომისიის წარმომადგენელმა ყურადღება უსაფრთხოების საკითხზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველომ არ უნდა დაუშვას არაუსაფრთხო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე. პიტერ სტანოს თქმით, უსაფრთხოების საკითხზე შეშფოთება გამოთქმული აქვს გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას: „სანქციების გამო, რუსული თვითმფრინავების ფლოტის 95%-ს არ შეუძლია განაახლოს ან გააუმჯობესოს თვითმფრინავები, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად. ასე რომ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“.
რაც შეეხება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, როგორც პიტერ სტანომ აღნიშნა, ამ საკითხზე ევროკომისიას ბევრი არაფერი აქვს სათქმელი, რადგან საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, ისარგებლებენ თუ არა უვიზო მიმოსვლით.
15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ვიზის გარეშე შეეძლებათ. 2000 წლიდან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი ვლადიმერ პუტინის განკარგულებით უქმდება. გარდა ამისა, განახლდება რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმისვლა, რომელიც 2019 წლის ივლისიდან შეწყვეტილი იყო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა თქვა, რომ საქართველო მიიღებს მხოლოდ იმ რუსულ ავიაკომპანიებსა და თვითმფრინავებს, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი.
მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. მისი თქმით, პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებაა.
