ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გამოხატულებაა - კობახიძე პუტინის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე, „ქართული ოცნების“ პრაგმატული პოლიტიკის გამოხატულებაა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ალოგიკურს უწოდებს ოპონენტების შეფასებას, რომ პუტინმა საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლური კურსისთვის დააჯილდოვა და წაახალისა.

„სინამდვილეში რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის გამოხატულებაა ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. აქ, საბოლოო ჯამში, მოსარგებლე, პირველ რიგში, ვინ არის? - ეს არის ჩვენი მოქალაქე, რომელსაც დღეს უწევს შემოვლითი გზებით, სამმაგი ხარჯით მგზავრობა რუსეთსა და საქართველოს შორის. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, მათ შორის, ძალიან ბევრი მოქალაქეა. რატომ უნდა გადაიხადონ მათ სამჯერ ძვირი? რატომ უნდა მოუწიოთ სხვა ქვეყნებით ჩამოსვლა, რაც, მათ შორის, აბრკოლებს მათ კავშირს.

ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ხელი უნდა შევუწყოთ დიასპორის კავშირს საქართველოსთან. კი არის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ, მაგრამ იქ ცხოვრობს ჩვენი დიასპორა, მილიონამდე ადამიანი და ჩვენ კონსტიტუცია გვაკისრებს ვალდებულებას, ვიზრუნოთ ამ ადამიანების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე.

ახლა გვეუბნებიან, რომ სამჯერ ძვირი ბილეთის ფასი უნდა დავუტოვოთ ამ ადამიანებს, უნდა დავაბრკოლოთ მათი კავშირი საქართველოსთან, მათი დაბრუნება, მათი ხშირი კომუნიკაცია საკუთარ ოჯახებთან, ქვეყანასთან. რატომ უნდა გაკეთდეს ეს? ანუ რატომ უნდა დავუწესოთ სასჯელი, სანქცია საკუთარ მოქალაქეებს? ეს აბსოლუტურად გაუგებარია“, - განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს. მისი თქმით, სანქცია იქნებოდა 3-თვიანი სავიზო რეჟიმის შემოღებაც, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა.

„ესეც არის ერთგვარი სანქცია. გარდა ამისა, პრეზიდენტი იქამდეც იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც უპირისპირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას. გახსოვთ მისი გამოსვლა განსაკუთრებით პარლამენტის კედლებში. პრაქტიკულად მან გააგრძელა ეს კამპანია. მან უკვე დაუკავშირა ფრენების აღდგენა, რუსეთის მიერ მოქალაქეებისთვის სანქციის მოხსნა ევროინტეგრაციას, რაც სრული აბსურდია. ამით ის კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, არსებითად, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამ განცხადებაში არავითარი ლოგიკა არ არის“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ვიზის გარეშე შეეძლებათ. 2000 წლიდან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი ვლადიმერ პუტინის განკარგულებით უქმდება. გარდა ამისა, განახლდება რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმისვლა, რომელიც 2019 წლის ივლისიდან შეწყვეტილი იყო. პუტინის გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის წარმომადგენლები მიესალმნენ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი მას მორიგი პროვოკაცია უწოდა. ზურაბიშვილმა მთავრობას მიმართა, რუსეთთან 3-თვიანი ვიზების დაწესების საკითხი განიხილოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.